ნორვეგიამ რუსეთი ეროვნული უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხედ გამოაცხადა

რუსეთი ნორვეგიისა და მთელი ევროპის უსაფრთხოების მთავარ საფრთხეს წარმოადგენს, – განაცხადა სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ბიორნ არილდ გრამმა ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეების ანალიზის ანგარიშის წარდგენის დროს.

დღეს ნორვეგიის სადაზვერვო სამსახურმა, პოლიციის უსაფრთხოების სამსახურმა (PST) და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ საფრთხეებისა და რისკის თავიანთი შეფასება წარადგინეს. ანგარიშში, სხვა საკითხებთან ერთად, ნათქვამია, რომ რუსეთი 2023 წელ, ნორვეგიისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

ბიორნ არილდ გრამის თქმით, “რუსეთი დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ნორვეგიის და ევროპის უსაფრთხოებას. დასავლეთთან დაპირისპირება გაჭიანურდება”.

ნორვეგიის საგარეო დაზვერვის სამსახური მიიჩნევს, რომ უკრაინაში კონფლიქტი ჩრდილოეთში დაძაბულობის ზრდას იწვევს.

„გასული წლის მოვლენებმა რუსეთის თვალში ნორვეგიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა გაზარდა. სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე, რაც უფრო მჭიდროდ დააკავშირებს ნორვეგიას ბალტიის ზღვის რეგიონთან. ეს ასევე გამომდინარეობს იქიდან, რომ ევროპული ქვეყნები დამოკიდებულნი არიან ნორვეგიაზე. ნორვეგიის ნავთობი და გაზი ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკის საგანი გახდა“, – განაცხადა ნორვეგიის დაზვერვის სამსახურის დირექტორის თანაშემწემ, ლარს ნორდრამმა.

მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ არქტიკა დაპირისპირებისგან თავის არიდებას შეძლებს, ხოლო ჩრდილოეთში დაძაბულობა შესაძლოა, გაიზარდოს.

სამეფოს უსაფრთხოების სამსახურები მიიჩნევენ, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებამ შესაძლოა, სკანდინავიის რეგიონი უფრო მნიშვნელოვანი სამიზნე გახადოს რუსული დაზვერვისთვის, შესაბამისად, რუსეთი მეტ ყურადღებას დაუთმოს სკანდინავიის რეგიონში დაზვერვას, ვიდრე ადრე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები