მსოფლიოში, 9 იანვრიდან – 5 თებერვლამდე პერიოდის მონაცემით, კორონავირუსით ინფიცირების თითქმის 10, 5 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც, წინა 28 დღესთან შედარებით – 89%-ით ნაკლებია.
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციაშია ნათქვამი.
ამავე პერიოდში, ვირუსით გარდაცვალების 90 ათასზე მეტი შემთხვევა აღირიცხა, რაც, წინა პერიოდთან შედარებით – 8%-ით ნაკლებია.
აღნიშნულია, რომ ამ პერიოდში ეპიდემიოლოგიური ტენდენციების დომინირება ფიქსირდება წყნარი ოკეანის რეგიონში, განსაკუთრებით – ჩინეთში.
ჯანმო არ გამორიცხავს, რომ COVID-19-ით ინფიცირების დარეგისტრირებული შემთხვევების მაჩვენებელი არსებულზე ბევრად დაბალი იყოს, რაც უკავშირდება ნაწილობრივ შემცირებულ ტესტირებას, ბევრ ქვეყანაში ანგარიშის შეფერხებით.
რაც შეეხება რეგიონულ მაჩვენებელს, 28 დღის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი ჯანმო-ს ყველა რეგიონში შემცირდა ან სტაბილურ ნიშნულზე შენარჩუნდა.
კერძოდ, დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში ინფიცირების მაჩვენებელი 92%-ით არის შემცირებული, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში – 65%-ით, ევროპის რეგიონში – 62%-ით, ამერიკაში – 43%-ით, აფრიკის რეგიონში – 27%-ში, ხოლო აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონი – 2%-ით.
რაც შეეხება ამავე რეგიონებში გარდაცვალების სტატისტიკას, 28 დღის მონაცემით, სამ რეგიონში მაჩვენებელი გაიზარდა, ხოლო სამში შემცირდა ან იმავე ნიშნულზე შენარჩუნდა.
გარდაცვალების ზრდა დაფიქსირებულია აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში 45%-ით, აფრიკის რეგიონში 21%-ით და ამერიკის რეგიონში 14%-ით.
სიკვდილიანობა შემცირდა ან სტაბილური დარჩა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში 61%-ით, ევროპის რეგიონში 38%-ით და დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში 3%-ით.