მედიკამენტების, საბნების, სუფთა წყლის, საკვების დეფიციტი – სირიაში, მიწისძვრის შედეგად, საერთაშორისო დახმარებას ითხოვენ

სირიაში, მიწისძვრის შედეგად, უმძიმესი ჰუმანიტარული, სამედიცინო მდგომარეობაა, არასაკმარისია მაშველების და სპეციალური ტექნიკის რაოდენობა, რომ ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანა მოხერხდეს. ქვეყანაში საერთაშორისო დახმარებას ითხოვენ.

უკანასკნელი მონაცემებით, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, რომელიც ასევე მეზობელ სირიაზეც გავრცელდა, სულ მცირე, 1136 ადამიანია დაღუპული. თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაცილებით დიდია, რადგან ხალხი, სავარაუდოდ, ნანგრევებში რჩება.

როგორც CNN-თან საუბარში სირიაში გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინატორმა, ​ელ-მოსტაფა ბენლამლიჰმა თქვა, სამძებრო-სამაშველო ოპერაციას აფერხებს მძიმე ტექნიკისა და სხვა ტიპის ტექნიკის დეფიციტი. გარდა ამისა, მისი თქმით, გაეროს მარაგი მოსახლეობაში უკვე განაწილდა და აღარ რჩება მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობა, განსაკუთრებით – სუფთა წყალი ან დაზიანებული წყლის ავზების შესაკეთებელი ხელსაწყოები.

UNICEF-ის სპიკერმა, ჯეიმს ელდერმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ სირიაში, დაახლოებით, 4 მილიონი ადამიანი ისედაც იძულებით გადაადგილებულია და ომის შედეგად ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, მიწისძვრის შედეგად, მთავარ პრობლემას წარმოადგენს “სუფთა წყლის არარსებობა, ასევე, საჭიროა საბნები, საკვები, ფსიქოლოგიური დახმარება“.

გარდა ამისა, ჯეიმს ელდერი კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც სხვადასხვა დაავადების გავრცელების რისკს უკავშირდება.

მისი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად, ქვეყნის საავადმყოფოები გადატვირთულია, ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულება დაინგრა. ამის ფონზე, შემაშფოთებელია დაავადებების გავრცელების რისკი, განსაკუთრებით – ბავშვებში, რომლებიც ისედაც ცხოვრობდნენ მძიმე ზამთრის და ქოლერის აფეთქების პირობებში.

თავის მხრივ, “თეთრი ჩაფხუტიდან” ერთ-ერთმა მოხალისემ თქვა, რომ ორგანიზაციას საერთაშორისო დახმარება სჭირდება.

„ჩვენი ჯგუფები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რომ დაზარალებულებს გადარჩენაში დაეხმარონ. მაგრამ ჩვენი შესაძლებლობები, ჩვენი ძალა არ არის საკმარისი, გავუმკლავდეთ ამ კატასტროფას. ეს კატასტროფა საერთაშორისო ძალისხმევას მოითხოვს”, – თქვა ისმაილ ალაბდულამ CNN-თან საუბარში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები