რაში გადაიხდის ხუდონჰესის ინვესტორი ყოველწლიურად რამდენიმე მილიონს?
სვანეთის განვითარების ფონდში ხუდონჰესის ინვესტორი კომპანია ყოველწლიურად რამდენიმე მილიონს გადარიცხავს. როგორც “საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის” ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე ხუდონჰესის ინვესტორი კომპანიის “ტრანსელექტრიკას” ტექნიკურმა დირექტორმა დავით მირცხულავამ განაცხადა, კომპანიის გადაწყვეტილებით, მოგების 5 პროცენტი მუდმივად გადაირიცხება ფონდში, რომელსაც ამ რეგიონის აღორძინების ფონდი ერქმევა. მირცხულავას ინფორმაციით, აღნიშნული თანხა ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს.
ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე დავით მირცხულავამ განცხადება კიდევ ერთი ინიციატივის შესახებ გააკეთა. მისი თქმით, გაჩნდა ინიციატივა, რომ ინვესტორმა იფიქროს ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე. სახელმწიფოსთან ერთად ამ გვირაბის მშენებლობაში ინვესტორი მიიღებს მონაწილეობას.
“სვანეთი ზამთრის კურორტია, სათხილამურო სპორტისთვის გადასარევი ტრასებით. თეთნულდის ახალი საბაგირო გზები შენდება და სასტუმროები კი ცარიელია. იანვრის განმავლობაში, მხოლოდ ახალ წელს იყო რამდენიმე სასტუმრო დატვირთული. როდესაც გზა განახლდება, იქნება საშუალება კოპიტნარის აეროპორტიდან საათსა და 40 წუთში ადამიანი უშგულში მოხვდეს. ეს იქნება უზარმაზარი პლუსი ამ რეგიონის განვითარებისთვის. მაგალითად მოვიყვან იტალიის პატარა რეგიონს ვანდაოსტას. ამ რეგიონში საშინელი დემოგრაფიული მდგომარეობა იყო, მაგრამ როდესაც განხორციელდა რამდენიმე ასეთი დიდი ობიექტი, საუბარი მაქვს ჰესებზე, დღეს ერთადერთი მთიანი რეგიონია იტალიაში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა იზრდება. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ არ ვართ ოპონენტები ერთმანეთის მტრები, ნურც ნურავინ იტყვის, რომ აი იქით მხარეს, ან აქეთ მხარეს საქართველო არ უყვარს. საქართველო უყვარს ორივე მხარეს, მაგრამ სხვადასხვა შეხედულებები გვაქვს. არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა, რომ წყალსაცავის მშენებლობა და განსახლების თემა ყოფილიყოს ადვილად გადასაწყვეტი საკითხი”, – განაცხადა მირცხულავამ.