რაჭაში ექვთიმე აღმსარებლის ხსენების დღე აღნიშნეს

ექვთიმე აღმსარებლის ხსენების დღე განსაკუთრებულად აღინიშნა მის მშობლიურ რაჭაში. დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინფორმაციით, ამბროლაურის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში აღევლინა წირვა ნიკორწმინდის ეპარქიის მამებთან ერთად, რომელშიც ამბროლაურის სალოტბარო სკოლის ბავშვები, მგალობელ-მომღერალთა გუნდი, თორნიკე სხიერელი და ნიკორწმინდის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი – ლევან ბერელიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა.

მათი ცნობით, წირვის შემდეგ საზეიმო კონცერტი ამბროლაურის კულტურის სახლში ჩატარდა. ონის, ამბროლაურის და სამტრედიის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად, შეასრულეს ის უძველესი ქართული საგალობლები, რომლებიც ექვთიმე კერესელიძემ გადაწერა და გადაარჩინა საბჭოთა ოკუპაციის და დევნის პერიოდში.

„ეს ბავშვები პედაგოგებსა და მშობლებთან ერთად არიან ექვთიმე კერესელიძის საქმის ღირსეული გამგრძელებლები”, – განაცხადა ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლების მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი გაბუნიამ სიტყვით გამოსვლისას და განსაკუთრებული მადლობა სწორედ მოსწავლეების მშობლებს გადაუხადა.

კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ ონის მუნიციპალიტეტის ზურა ბაკურაძის სახელობის სამუსიკო სკოლა, ნიკორწმინდის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი და სამტრედიის სალოტბარო სკოლის პედაგოგი ბესო მახათაძე, მგალობელ – მომღერალთა ანსამბლ “მასპინძელთან” ერთად. სიმბოლურია, რომ ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა პირველი სალოტბარო სკოლა ათი წლის წინ სწორედ ამბროლაურში, ექვთიმე კერესელიძის სამშობლოში გახსნა. დღეს უკვე საქართველოს მასშტაბით რეგიონებში 30 სალოტბარო სკოლა მოქმედებს, სადაც ათასამდე ბავშვი ქართულ გალობას და სიმღერას უფასოდ სწავლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები