პრემიერი: მოსახლეობის ზრდა გამოიწვია გასული წლის განმავლობაში დადებითმა მიგრაციულმა სალდომ და სწორედ ამის ხარჯზე გაიზარდა მოქალაქეების ნაწილში საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 91 000-ით, ასე არაკომპეტენტურად არ უნდა გამოვიდეს ადამიანი, როდესაც ეწოდება პარლამენტის წევრი,  ტრაგიკულია მათი ასეთი მდგომარეობა

მოსახლეობის ზრდა გამოიწვია გასული წლის განმავლობაში დადებითმა მიგრაციულმა სალდომ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ამის ხარჯზე გაიზარდა მოქალაქეების ნაწილში საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 91 000-ით.

„რამდენიმე საკითხს მინდა გამოვეხმაურო იმისათვის, რომ მოსახლეობას არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები. კონკრეტული გამოსვლებიდან მინდა პასუხი გავცე კონკრეტულ გზავნილებს. ეჭვი შეიტანეს მოსახლეობის გაზრდასთან დაკავშირებით საქსტატის მონაცემებში და იმის კომპეტენციაც კი არ აქვთ, რომ ჩაეძიონ საქსტატი რას უკავშირებს მოსახლეობის ზრდას: შობადობას თუ მიგრაციულ პროცესებს. როცა თქვა, რომ ეჭვი შეჰქონდა მოსახლეობის ზრდაში, ახსენა შობადობა. ამ დროს ძალიან მარტივად შეეძლო ჩაძიებოდა, თუ რა იყო მოსახლეობის ზრდის მიზეზი და ნახავდა, რომ ეს არ არის შობადობის სახარბიელო მაჩვენებლები, ეს არის მიგრაციული პროცესები. რეალურად, მოსახლეობის ზრდა გამოიწვია გასული წლის განმავლობაში დადებითმა მიგრაციულმა სალდომ და სწორედ ამის ხარჯზე გაიზარდა მოქალაქეების ნაწილში საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 91 000-ით.

აქაც, საქსტატზე შეიძლება ვიღაცამ ასე თქვას, ვიღაცამ ისე, მათი საქმეა, თუმცა საქსტატი ეფექტიანად მუშაობს. მე მინდა საზოგადოებას გავუზიარო მონაცემები, რაც ადასტურებს იმას, რომ საქსტატის ციფრები არის სწორი. მოსწავლეების რაოდენობა საქართველოში 2012 წლის შემდეგ გაიზარდა 559 400-დან 644 200-მდე. ეს არის იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებიც ფიზიკურად სწავლობენ სკოლებში. 84 800-ით არის გაზრდილი მოსწავლეების რაოდენობა. საიდან მოვიდა ეს რაოდენობა, თუ მთლიანობაში არ გვაქვს მოსახლეობის ზრდა? ანუ ბავშვების ნაწილშიც, მოსწავლეების ნაწილში, 6-დან 18 წლამდე მოსახლეობაში გვაქვს ზრდა 84 800-ით“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სტუდენტების ნაწილშიც არის ზრდა 109 533-დან 150 986-მდე.

„სტუდენტების რაოდენობა არის გაზრდილი 41 453-ით. საიდან გაიზარდა ახალგაზრდებში მოსახლეობა, თუ მთლიანობაში არ გვაქვს ზრდა? და პენსიონერების ნაწილში, აქ ბიუჯეტიდან ვუხდით თანხებს პენსიონერებს. პენსიონერების რაოდენობა იყო 2012 წელს 682 886 და გაიზარდა 888 518-მდე  ასაკით პენსიონერთა რაოდენობა, ანუ გაზრდილია 205 632-ით. ეს ნიშნავს იმას, რომ გვაქვს მოსახლეობის ზრდა, მათ შორის მოქალაქეების ნაწილში და კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ სამწუხაროდ, არა შობადობის ხარჯზე, არამედ მთლიანად მიგრაციული სალდოს ხარჯზე გვაქვს ეს ზრდა. შესაბამისად, ვიდრე ვიღაც შეიტანს ეჭვს კონკრეტულ მონაცემებში, ელემენტარულად შეუძლია ჩაუღრმავდეს და ასე არაკომპეტენტურად არ უნდა გამოვიდეს ადამიანი, როდესაც ეწოდება პარლამენტის წევრი.  მართლა ტრაგიკულია მათი ასეთი მდგომარეობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები