სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის შემდეგ ღაზას სექტორში 20 ადამიანი დაიღუპა
19 აგვისტოს საღამოს, ისრაელის არმიამ ღაზას მიმართულებით სარაკეტო შეტევა განაახლა. ერთი დღით ადრე დაპირისპირებულ მხარეებს შორის მორიგი სამშვიდობო მოლაპარაკება ჩაიშალა და შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კვლავ დაირღვა.
საინფორმაციო სააგენტო ,,მაან“-ის ინფორმაციით, ისრაელის მხრიდან სარაკეტო შეტევის შედეგად დაიღუპა 20 პალესტინელი. დანგრეულია დასახლებული პუნქტები დეირ ალ-ბალიახია და ბეით ლახია.
,,ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის მუსა აბუ მარზუკის განცხადებით, დაღუპულთა შორის ბავშვები და ქალებიც არიან, დაბომბვის შედეგად დანგრეულია საცხოვრებელი რაიონების საკმაოდ დიდი ნაწილი.