ვოლოდიმირ ზელენსკი: ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მიზანი – მოკლას სააკაშვილი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის ამჟამინდელი მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მოკვლაა.
როგორც ზელენსკიმ კიევში ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდრე ვან დერ ბელენთან გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრამდე მას მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოები გადასცეს.
„ოდესღაც იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო. ისინი [ფოტოები] დავით არახამიამ გადმომცა. სურვილი მექნებოდა, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება. დღეს საქართველოს მთავრობა – რასაც ისინი აკეთებენ: ისინი მას კლავენ. თქვენ იცით, რომ მათ იგი მოწამლეს და ახლა ნელ-ნელა, ბოდიში, კლავენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ და ფოტოები საჯაროდ წარადგინა.