საგარეო საქმეთა სამინისტროში საჯარო სამსახურის რეფორმის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია წარუდგინა.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია საქართველოს მთავრობის ინიციატივით შემუშავდა. დოკუმენტის შექმნაში ჩართულნი იყვნენ არასამთავრობო სექტორის, ასევე აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები.