მინეაპოლისში, საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს, აგენტმა ქალი მოკლა

მინესოტის შტატის ქალაქ მინეაპოლისში, საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს, ფედერალურმა აგენტმა ავტომობილში მყოფ ქალს ესროლა, რის შედეგადაც ქალი დაიღუპა.

“სიენენის” ინფორმაციით, სროლა იმ ფონზე მოხდა, როდესაც მინესოტას შტატი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სააღსრულებო ღონისძიების გამო, იმიგრაციის წინააღმდეგ რეპრესიების წინაშე დგას.

მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მინეაპოლისში, დაახლოებით, ორი ათასი ფედერალური აგენტი გაიგზავნა.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა ინციდენტს „შიდა ტერორიზმის აქტი“, თავად ქალს კი „არეულობის მონაწილე“ უწოდა და აღნიშნა, რომ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ოფიცერმა „თავდაცვითი გასროლა“ განახორციელა.

მინეაპოლისის მერის განცხადებით, არსებული ვიდეოჩანაწერები და მოწმეების ჩვენებები კითხვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა აგენტის ქმედება აუცილებელი და გამართლებული. მისი თქმით, შემთხვევა ქალაქის სამართალდამცველებთან კოორდინაციის გარეშე მოხდა. მისივე თქმით, ფედერალური საიმიგრაციო სამართალდამცავი ორგანოები ქალაქში მხოლოდ ქაოსს იწვევენ.

ინციდენტის შემდეგ ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. მოქალაქეები ფედერალური იმიგრაციის ოპერაციებისა და ძალის გამოყენების პრაქტიკას აპროტესტებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები