Human Rights Watch: უკრაინამ უნდა გამოიძიოს მისი სამხედროების მიერ აკრძალული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების შესაძლო შემთხვევები
უკრაინამ უნდა გამოიძიოს რუსული ოკუპაციის პერიოდში, მისი სამხედროების მიერ ქალაქ იზიუმსა და მის შემოგარენში აკრძალული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების შესაძლო შემთხვევები. ამის შესახებ უფლებადაცვითი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ახალ ანგარიშშია აღნიშნული.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მათ დააფიქსირეს მრავალი შემთხვევა, როდესაც უკრაინელებმა აღნიშნული ტიპის რაკეტები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ობიექტებთან გაისროლეს.
მათივე ცნობით, უკრაინა 1997 წლის ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოა, რომელიც მთლიანად კრძალავს პერსონალის საწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას, წარმოებას, შენახვასა და გადაცემას.
Human Rights Watch-ის ინფორმაციით, იზიუმის მახლობლად PFM-1 ტიპის ნაღმების გამოყენებას 11 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, კიდევ 50 სამოქალაქო პირი კი, მათ შორის 5 ბავშვი დაიჭრა. ამასთანავე, დაშავების თითქმის ყოველ მეორე შემთხვევას წვივის ან ტერფის ამპუტაცია მოჰყვება.
„უკრაინის ძალებმა, როგორც ჩანს, ფართოდ მიმოფანტეს ნაღმები იზიუმის ტერიტორიის ირგვლივ, რამაც გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და საფრთხე შექმნა.
რუსულმა ძალებმა არაერთხელ გამოიყენეს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები და ჩაიდინეს სისასტიკე მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ ეს არ ამართლებს უკრაინის მხრიდან აკრძალული იარაღის გამოყენებას“, – განაცხადა HRW-ის წარმომადგენელმა, სტივ გუზიმ.