არმაზ ახვლედიანი: ის, რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, თუ კანდიდატის სტატუსის მიღებას წაადგება, იქ ვარ და ფეხს დავბან თავმჯდომარესაც და მის თანაშემწესაც

ყველამ უნდა იცოდეს, რომ სააკაშვილის გადარჩენა და სხვა საკითხი, მესამე ფლანგზე გადავა, თუ დასავლურ ორბიტას მოვწყდებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთში ვეღარ ხვდებიან, „საით მივდივართ, რა გვინდა, რომელ კარს ვუკაკუნებთ“.

„ის, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, საერთოდ ოპოზიციურ ფლანგში, ქართულ პოლიტიკაში, „ქართულ ოცნებაში“ შემიძლია, ერთ ჭრილში შევაფასო – წაადგება თუ არა კანდიდატის სტატუსის მიღებას. თუ წაადგება, მეც იქ ვარ და ფეხს დავბან თავმჯდომარესაც და მის თანაშემწესაც, თუ არა, შორს ჩვენგან. თუ 2023 წელს კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ, იცოდეთ, რომ საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ნორმალური სამართლებრივი, დემოკრატიული და განვითარების მიღმა რჩება.

მესმის, რომ შიდა პარტიული დღის წესრიგია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა არის ახალი ხელმძღვანელების თემა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ სააკაშვილის გადარჩენა და სხვა საკითხი, მესამე ფლანგზე გადავა, თუ დასავლურ ორბიტას მოვწყდებით. საქართველოს უმთავრესი გასაჭირი დღეს არის კანდიდატის სტატუსის საკითხი. ეს ფარატინა საკითხი კი არ არის. დასავლეთში ვეღარ ხვდებიან, საით მივდივართ, რა გვინდა, რომელ კარს ვუკაკუნებთ.

ტაქტიკურად და სტრატეგიულად არასწორად მიმაჩნია აქცენტების ასე განთავსება. რაც არ უნდა შეუძლოდ იყოს მიხეილ სააკაშვილი, ის კარგად ხვდება რა არის უმთავრესი საქართველოსთვის. ჩვენ თუ ევროპულ ორბიტაზე ვერ მოვხდებით, არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილს ახალი ბრალდება დაუმატონ, წლებს წლები მიემატოს და სხვებიც მიამატონ სააკაშვილს. მთავარი და მეორე რიგის ამოცანები ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები