ამერიკელი ფილანტროპი, ვინც ესპანური კულტურის სიყვარულით მუზეუმი ააგო

„ესპანეთი და ესპანური მსოფლიო” – ამ სახელწოდების გამოფენით სტუმრობს ლონდონის ხელოვნების სამეფო აკადემიას ესპანური მუზეუმის განთქმული კოლექცია ნიუ-იორკიდან, რომელიც დამთვალიერებელს სამი თვის განმავლობაში უმასპინძლებს.

არჩერ მილტონ ჰანტინგტონი. მხატვარი ხოსე მარია ლოპესი, 1931 წელი

არჩერ მილტონ ჰანტინგტონის (1870-1955) –  უდიდესი ამერიკელი კოლექციონერისა და ქველმოქმედის სახელი ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა. მან ნიუ-იორკში 1904 წელს დააარსა ამერიკის ესპანური საზოგადოება, რომელიც წლების განმავლობაში გაფართოვდა და ესპანური კულტურის ვრცელ მუზეუმად, კვლევით ცენტრად და ბიბლიოთეკად გადაიქცა.
თავისი დროის უმდიდრესმა ამერიკელმა არჩერ ჰანტინგტონმა იგი სახსოვრად უძღვნა მშობლიურ ქალაქს.
აღნიშნული კოლექცია 18 000-ზე მეტ ნიმუშს შეიცავს, ლონდონის გამოფენისთვის კი 150 შედევრი შეირჩა, რომელთა ხილვა ოთხი ათასწლეულის ისტორიასაც მიგვადევნებინებს თვალს: კელტური, ისლამური, ებრაული და ქრისტიანული კულტურისა და რელიგიის არტეფაქტებს მთელი თავისი მრავალფეროვნებით ვეცნობით. აქ შეხვდებით ქანდაკების, ქსოვილის, კერამიკის, ვერცხლის ნივთების, სამკაულის, რუკების, ნახატებისა და ხელნაწერი წიგნების ნიმუშებს, რომელთაც საეტაპო როლი ეკუთვნით ამ უძველესი და უვრცესი ცივილიზაციის განვითარებაში.
შეუძლებელია გულგრილი დარჩე ჯოვანი ვესპუჩის 1526 წელს შესრულებული მსოფლიო საზღვაო რუკის ხილვით, რომელიც ვალენსიაში შეიქმნა.
რელიგიური მხატვრობა და ქანდაკება ყოველთვის იყო ესპანელი ოსტატების ძლიერი მხარე და ამას თვალნათლად ადასტურებს ეს ექსპოზიცია.
განსაკუთრებულ ზეიმურობას სძენს მთელ საგამოფენო ატმოსფეროს ელ გრეკოს, ველასკესის, გოიას, სურბარანის, სულოაგას, სოროლას ფერწერა. სამ უპირველეს შედევრად უნდა ჩაითვალოს ელ გრეკოს „პიეტა”, ველასკესის „გოგონა” და გოიას „ალბას ჰერცოგინია”, რომელიც მთელ გამოფენას სიმბოლოდ უძღვის და ლონდონის ქუჩებისა და ტრანსპორტის ყველაზე ფამილიარულ გამოსახულებად იქცა.
სულოაგას სახელი პირველად ლადო ავალიანის „სულოაგას ქუდში” ამოვიკითხე, ეს არის ბრწყინვალე ნოველა, რომელიც მწერალმა ლადო გუდიაშვილის მონათხრობზე დაყრდნობით შექმნა: თუ როგორ შენიშნა და იყიდა სახელგანთქმულმა ესპანელმა ოსტატმა ახალგაზრდა ქართველი მხატვრის ტილო… ლონდონის გამოფენაზე სულოაგას სამი სურათია წარმოდგენილი.
ესპანეთს ისედაც არ აკლია მიმზიდველობა და პოპულარობა, მაგრამ მსოფლიო კულტურის ცენტრში, ლონდონში გამოფენა მის მიმართ ადამიანების ინტერესს ერთიორად აძლიერებს. ბევრი ფიქრობს, უფრო ჩაუღრმევდეს ამ უაღრესად მნიშვნელოვან კულტურას და გეგმავს, ეწვიოს მას, რათა საკუთარი თვალით იხილოს ის სიმდიდრე და მხატვრული თვალსაწიერის სიფართოვე, რაც ესპანურ მატერიალურ და კულტურულ მონაპოვარს ახასიათებს.
მსგავსი ფართომასშტაბიანი გამოფენები მართლაც საუკეთესო სამსახურს უწევს არა მხოლოდ ქვეყნის ცნობადობას, არამედ კეთილმყოფელად აისახება ხოლმე მისი ეკონომიკისა და საზოგადოების განვითარებაზე.
რატომ არ შეიძლება ვიფიქროთ იმ სასურველ დროზე, როცა ლონდონის ხელოვნების სამეფო აკადემია სამი ათასწლეულის მქონე ქართულ ცივილიზაციას გაუწევს მასპინძლობას?!
შევთანხმდეთ, რომ, ვიდრე ლონდონს და მის სახელგანთქმულ აკადემიას. ეს საქართველოს წარმოჩენას უფრო სჭირდება და ნელა, მაგრამ მაინც ვემზადოთ ამ მომენტისთვის.

                                                                                  გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები