4 ნოემბრიდან მწერალთა სახლში პროექტი − ირაკლი სამსონაძის „დრამატურგიის სახელოსნო“ იწყება
4 ნოემბრიდან მწერალთა სახლში პროექტი − ირაკლი სამსონაძის „დრამატურგიის სახელოსნო“ იწყება.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, ირაკლი სამსონაძეს გამოცემული აქვს წიგნები („ყურთბალიში“, „ლეას საათი“, „ქელეხი ქარში“, „ქელეხი-ქორწილი“) და არის არაერთი ლიტერატურული თუ თეატრალური ჯილდოს მფლობელი. მისი 15-მდე პიესა დადგმულია საქართველოს მოქმედ თეატრებში.
კურსი გაიმართება ყოველ სამშაბათს, 17:00 საათზე და ითვალისწინებს 12 ლექციას.
„როგორ ავაგოთ ამბავი? რა პროცესს გადის ის, სანამ დასრულებულ სახეს მიიღებს? რატომ არის ამბის თხრობა მნიშვნელოვანი და რა საფეხურები უნდა განვლოს იმისათვის, რათა აუდიტორიისთვის დასამახსოვრებელი და საინტერესო გახდეს? − ეს არის შეკითხვები, რომლებიც ამბის აგების ურთულეს პროცესში ხშირად დაისმის.
ექსპოზიცია, კვანძის შეკვრა, კულმინაცია, კვანძის გახსნა და ფინალი − ეს ის საფეხურებია, რომლებიც ამბის გადმოცემისას მნიშვნელოვანია. სწორედ ამბის თხრობასა და აგების პროცესებზე ისაუბრებს დრამატურგი, მწერალი, ირაკლი სამსონაძე მწერალთა სახლის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში − „დრამატურგიის სახელოსნო“, – აღნიშნულია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.