“უნდა შეწყდეს წითელი ხაზების გავლება და უკრაინას საჭირო შეიარაღება მიეწოდოს” – გიტანას ნაუსედა
“ნატო-ს ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ “წითელი ხაზების” გავლება და უკრაინას მიაწოდონ ის იარაღი, რაც მას სჭირდება”, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ LRT-თან ინტერვიუში.
„გავლებული ბევრი წითელი ხაზი მინახავს და ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილებაც კი მრჩება, რომ ეს წითელი ხაზები არა ჩვენ მიერ არის გავლებული, დასავლეთის ქვეყნების, დემოკრატიების მიერ, არამედ – რუსეთის ტერორისტული სახელმწიფოს მიერ, რომელიც ცდილობს, ისინი გაავლოს შიშის და მუქარის დანერგვით. ის ცდილობს მათ მოხვევას”, – თქვა პოლიტიკოსმა.
ნაუსედამ აღნიშნა, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე “წითელი ხაზი” უკვე გავლებულია.
„მხოლოდ ტანკებზე არ ვსაუბრობ. ოდესღაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება იყო ტაბუ დადებული, წითელი ხაზი იყო. ეს კარგად მახსოვს. როდესაც ომი დაიწყო, გერმანია ჯერ კატეგორიულად აცხადებდა, რომ მხოლოდ ჯავშანჟილეტებს გაგზავნიდა, ჩაფხუტებს და მსგავს რაღაცებს და არა იარაღს. მაგრამ ეს წითელი ხაზიც საკმაოდ დიდი ხნის წინ იქნა გადალახული“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
ეს რუბიკონი გადაიკვეთა, ასე რომ, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს წითელი ხაზი – თუ ის ნამდვილად არსებობს და ვფიქრობ, რომ ის მხოლოდ ჩვენს თავებში არსებობს – ასევე გადაიკვეთება. რადგან გამანადგურებლები და შორი დისტანციის რაკეტები მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარებაა ომის ამ გადამწყვეტ ეტაპზე, როდესაც გარდამტეხი მომენტი უნდა მოხდეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ“, – თქვა ნაუსედამ.