სოსო არჩვაძე: საქართველოს ეკონომიკამ ზედიზედ მეორე წელი დაამთავრა ორნიშნა ეკონომიკური ზრდით

“საქართველოს ეკონომიკამ ზედიზედ მეორე წელი დაამთავრა ორნიშნა ეკონომიკური ზრდით და ამით ფაქტობრივად გაიმეორა მეოთხედი საუკუნის წინანდელი (1996-1997 წწ.) მიღწევა, როდესაც ორი წლის განმავლობაში ასევე ადგილი ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას”, – ამის შესახებ ექსპერტი, სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, არჩვაძის თქმით, 2021-2022 წლებში აშშ დოლარში დენომინირებული ეროვნული პროდუქტის მხოლოდ მატება იმდენივე იყო, რამდენიც იყო ჯამურად 1996-1997 წლების საქართველოს მთელი ეროვნული პროდუქტი.

“საქართველოს ეკონომიკამ ზედიზედ მეორე წელი დაამთავრა ორნიშნა ეკონომიკური ზრდით და ამით ფაქტობრივად გაიმეორა მეოთხედი საუკუნის წინანდელი (1996-1997 წწ.) მიღწევა, როდესაც ორი წლის განმავლობაში ასევე ადგილი ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. ამასთან, 2021-2022 წლებში აშშ დოლარში დენომინირებული ეროვნული პროდუქტის მხოლოდ მ ა ტ ე ბ ა იმდენივე იყო, რამდენიც იყო ჯამურად 1996-1997 წლების საქართველოს მ თ ე ლ ი ეროვნული პროდუქტი.
რთული საერთაშორისო ვითარებისა და გაზრდილი გამოწვევების ფონზე საქართველოს ეკონომიკა მთელი 2022 წლის მანძილზე ინარჩუნებდა მდგრადობას და ზრდის მაღალ ტემპს და ამ მხრივ რეგიონის სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით უპირობოდ წარმოადგენდა ლიდერ სახელმწიფოს. ეკონომიკის ზრდამ დეკემბერში წინა წლის დეკემბერთან 11.0 პროცენტი, ხოლო მთლიანად 2022 წელს – 10.1 პროცენტი შეადგინა. ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპი დაახლოებით 2.5-ჯერ აღემატებოდა ანალოგიურ გლობალურ მაჩვენებელს.
ინფლაციის მხრივ, წლის ბოლო თვეში ფაქტობრივად გარდატეხა მოხდა: პირველად ბოლო 24 თვის მანძილზე, წინა თვესთან შედარებით, დაფიქსირდა დეფლაცია (-0.3%), ასევე პირველად ბოლო 18 თვის მანძილზე დაფიქსირდა ერთნიშნა წლიური ინფლაცია (+9.8%), ხოლო 12-თვიანი პერიოდის საშუალო ინფლაცია (11.9%) ასეთი დაბალი არ ყოფილა ბოლო 9 თვის მანძილზე.
ინფლაციის დონის შემცირება ადეკვატურად აისახება თანაფარდობის პოზიტიურ ტენდენციაში გაიაფებულ და გაძვირებულ საქონელ-წარმომადგენელთა შორის – პირველის სასარგებლოდ. კერძოდ, 2022 წლის დეკემბერში წინა წლის დეკემბერთან შედარებით, ერთ გაიაფებულ საქონელზე მოდიოდა საშუალოდ 5.7 გაძვირებული საქონელი, მაშინ როდესაც ერთი წლის წინ ანალოგიური მაჩვენებელი შეადგენდა 8.5-ს.
დეკემბერში დაფიქსირდა ბიზნეს-სუბიექტთა მაღალი აქტიურობა. – ყოველდღიურად ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 208 ერთეული შეადგინა, რაც 61 ერთეულით (41.4%-ით) აღემატება ერთი წლის წინანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს დარეგისტრირებული ბიზნესიდან 26.3 პროცენტი რუსული და ბელორუსული წარმომავლობის იყო.
შრომის ბაზარზე შეინიშნება რაოდენობრივი და ხარისხობრივი გაუმჯობესება: იზრდება დასაქმების დონე – ძირითადად დაქირავებით დასაქმებულთა მატების ხარჯზე, აგრეთვე საშუალო ხელფასი, რომელმაც საგრძნობლად გადაუსწრო ინფლაციის დონეს (ზრდა წინა წელთან, შესაბამისად, 16.5 პროცენტით და 11.0 პროცენტით), რამაც უზრუნველყო დაქირავებულთა რეალური ხელფასის ზრდა არანაკლებ 5 პროცენტით. ნომინალური ხელფასის მატებამ და ლარის კურსის გამყარებამ აშშ დოლართან უზრუნველყო აშშ დოლარებში დენომინირებული საშუალო ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელმაც საგრძნობლად გადააჭარბა 500-დოლარიან მიჯნას და 565 დოლარი შეადგინა. 2022 წლის დეკემბერში წინა წლის დეკემბერთან შედარებით აშშ დოლართან თურქული ლირის 30-ზე მეტი პროცენტით გაუფასურების და ქართული ლარის 13-პროცენტიანი გამყარების, აგრეთვე საქართველოში საშუალო ხელფასის საგრძნობი ზრდის პირობებში, დოლარში დენომინირებული საშუალო ხელფასი საქართველოში მაქსიმალურად მიუახლოვდა თურქეთის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ეკონომიკის ზრდაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საგარეო სექტორს. დეკემბერში ქვეყნის ექსპორტი 32.5 პროცენტით გაიზარდა და 555.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. იმავე პერიოდში ექსპორტის სასაქონლო ნომენკლატურა HS 4-ნიშნა სასაქონლო პოზიციების მიხედვით 5.9 პროცენტით გაიზარდა და 645 შეადგინა.
საქართველოს მზარდი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქციის როლის ზრდას ადასტურებს ისიც, რომ რეექსპორტი მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 69.3 პროცენტით, რეექსპორტის ზრდის ტემპმა 2022 წლის ივნისიდან გადააჭარბა ადგილობრივი ექსპორტის ზრდის ტემპს, ხოლო 2022 წლის ბოლო სამი თვის მანძილზე ექსპორტის მატება მთლიანად უზრუნველყო რეექსპორტის მატებამ. 2022 წელს რეექსპორტის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 33.8 პროცენტი შეადგინა (2021 წ. – 26.3%).
ცალკეული ქვეყნების მიხედვით რეექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად აღემატება ადგილობრივ ექსპორტს. მაგალითად, აზერბაიჯანში მთელი ქართული ექსპორტის 77.1 პროცენტი, ხოლო სომხეთში – 68.8 პროცენტი, რეექსპორტზე მოდის.
ქვეყნის ეკონომიკაში სწრაფად იზრდება ტურისტული ინდუსტრიის როლი. 2022 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3.5 მლრდ. აშშ. დოლარი შეადგინა, ამასთან წლის მეორე ნახევარში ყოველი თვის მიხედვით ასეთი შემოსავლები აღემატებოდნენ პანდემიამდელი, 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. ამჟამად საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 8.5-ჯერ აღემატება საქართველოს რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ გაწეულ დანახარჯებს. თითქმის 2 დღეღამით გაიზარდა უცხოელი ტურისტების საქართველოში ყოფნის საშუალო ხანგრძლივობა (4.85 დღიდან 6.76-მდე). ამასთან, თითოეული ტურისტის საშუალო სადღეღამისო ხარჯების მოცულობამ 2022 წელს 2019 წლისას 43 აშშ დოლარით გადააჭარბა და თითქმის 127 აშშ დოლარს მიაღწია.
ეკონომიკური ზრდა შესაძლებლობას იძლევა გაიზარდოს საბიუჯეტო სახსრები და უფრო მასშტაბური ხასიათი შეიძინოს სოციალურმა ხარჯებმაც. 2022 წლის დეკემბერში საბიუჯეტო შემოსავლები 26.5 პროცენტით, ხოლო ხარჯები – 12.4 პროცენტით გაიზარდა.
დეკემბერში უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების რეკორდულად მაღალ ნიშნულს – 535.3 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, ამასთან, 2022 წელს, თვის მიხედვით, წმინდა ფულადმა ტრანზაქციებმა მეოთხედ გადააჭარბეს ნახევარმილიარდიან მიჯნას. ფულადი ტრანზაქციების 59.3 პროცენტი და აღნიშნული ტრანზაქციების მატების 90.8 პროცენტი რუსეთის ფედერაციაზე მოდიოდა.
ხელისუფლების, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის კაბინეტის ბოლო ორი წლის მანძილზე გატარებული პრაგმატული, გაწონასწორებული, რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, პოზიტიური მაკროეკონომიკური ცვლილებები, მათ შორის საბიუჯეტო და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის, აგრეთვე უმუშევრობის დონის სწრაფი შემცირება, ეროვნული ვალუტის გამყარება, ექსპორტისა და საერთაშორისო რეზერვების ზრდა, ადეკვატურად იქნა შეფასებული ავტორიტეტული საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური ინსტიტუტების მიერ. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თავის შეფასებებში ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რაც გვაქვს მაკროეკონომიკური სტაბილურობის და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების განგრძობადობის მიმართულებით, ხოლო ავტორიტეტულმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Fitch-მა ჩვენი ქვეყნის სუვერენულ საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა, რაც ნიშნავს, რომ რეიტინგების შკალის მიხედვით საქართველოს მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა დარჩა საინვესტიციო რეიტინგამდე.
საქართველო იწყებს მულტიფუნქციური რეგიონული ჰაბის როლის შესრულებას ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში და აქვს სერიოზული მზაობა, უახლოეს მომავალში ასეთივე როლი შეასრულოს ფინანსების სფეროშიც. ყოველივე ამას ექნება მაღალი მულტიპლიკაციური ეფექტი არა მარტო ქვეყნის ეროვნული პროდუქტის ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის დაჩქარებული ამაღლებისათვის, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხრივ – აღნიშნული ინდიკატორებით გლობალური მზარდი დეფიციტის პირობებში.”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები