2015 წელს ევროპის ენერგეტიკული ქარტიის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო იქნება
საქართველოს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ევროპის ენერგეტიკული ქარტიის გენერალურ მდივანს ურბან რუსნაკს შეხვდა.
როგორც ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში ელექტროენერგიის ტრანზიტის საკითხებზე, ინვესტიციების მიმართულებით ენერგეტიკული ქარტიის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ გამოთქვა სურვილი 2015 წელს გახდეს ევროპის ენერგეტიკული ქარტიის თავმჯდომარე ქვეყანა. თავმჯდომარეობის ფარგლებში, 2015 წლის ნოემბერში, ევროპის ენერგეტიკული ქარტიის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს.
1995 წლიდან, საქართველო ევროპის ენერგეტიკული ქარტიის წევრია.
ევროპის ენერგეტიკული ქარტია ევროპისა და აზიის 50-ზე მეტს სახელმწიფოს აერთიანებს. მის მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკის სფეროში სამართლებრივი ურთიერთობების ჩამოყალიბება და მათი სრულყოფა, რაც მინიმუმამდე შეამცირებს ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებთან და სატრანზიტო პოლიტიკასთან დაკავშირებულ რისკებს.
ვიზიტის ფარგლებში, ევროპის ენერგეტიკული ქარტიის გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს: ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეებთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენელბეთან და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარესთან.