ზურაბ ჭიაბერაშვილი: ქართული ოჯახისათვის წამლებზე ფასების ზრდა ძალიან საგანგაშოა
წამლებზე ფასების ზრდა ქართული ოჯახებისთვის საგანგაშოა – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, 2014 წლის 21 მაისს ტელეკამერების წინ შეიძინა მედიკამენტები თბილისის ერთ-ერთ აფთიაქში და გადაიხადა 22 ლარი და 81 თეთრი. მისივე განცხადებით, ეს თანხა უკვე იმაზე მეტი იყო, რასაც მედიკამენტების ზუსტად იმავე ნაკრებში გადაიხდიდა 2012 წლის შემოდგომაზე.
“2014 წლის 18 აგვისტოს, სხვა პიროვნებას ზუსტად იმავე აფთიაქში მედიკამენტების ზუსტად იგივე ნაკრები შევაძენინე, სადაც უზარმაზარი რიგი იყო, ხალხი 1 სექტემბრამდე იმარაგებს წამლებს და ჯამურმა ფასმა 25 ლარი და 11 თეთრი შეადგინა. ფასების ზრდამ გასულ 3 თვეში მედიკამენტების ამ ბაზისურ ნაკრებზე დაახლოებით 10% შეადგინა , ქართული ოჯახისათვის ფასების ასეთი ზრდა ძალიან საგანგაშოა”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.