“ფხენიანი მოსკოვს რაკეტებით და ჭურვებით ეხმარება” – იენს სტოლტენბერგი

სამხრეთ კორეაში ვიზიტად მყოფმა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ალიანსის შეშფოთებას იწვევს, რადგან პროვოკაციულად იქცევა.

ამის შესახებ მან სეულში პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტში CHEY-ში სიტყვით გამოსვლისას თქვა.

„ნატო და სამხრეთ კორეა სტრატეგიულ ინტერესებს და შეშფოთებებს იზიარებენ, მათგან ერთ-ერთია ჩრდილოეთ კორეის საფრთხე. ჩრდილოეთ კორეა აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებას და დესტაბილიზაციას, მათ შორის, უპრეცედენტო სარაკეტო წვრთნებს გასული წლის განმავლობაში, ისევე – როგორც აგრძელებს ბირთვულ აქტივობას და რიტორიკას“, – თქვა სტოლტენბერგმა.

ასევე, ალიანსის ლიდერმა ხაზი გაუსვა იმ მხარდაჭერას, რომელსაც ფხენიანი უწევს მოსკოვს უკრაინაში ომის წარმოების მხრივ.

„ჩვენ ასევე ვიცით, რომ ჩრდილოეთ კორეა სამხედრო დახმარებას უწევს რუსეთს ომში – რაკეტებითა და ჭურვებით და ეს მხოლოდ ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად ურთიერთდაკავშირებულია ყველაფერი“, – თქვა იენს სტოლტენბერგმა.

მანვე აღნიშნა, რომ იმედოვნებს, სეულთან თანამშრომლობა ისეთ სფეროებში გააფართოოს, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, უახლესი ტექნოლოგიები და შეიარაღების კონტროლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები