აშშ-ის მთავრობა არ გამორიცხავს პირდაპირ სამხედრო მოქმედებებს იმისთვის, რომ ირანში ბირთვული იარაღის შექმნა არ მოხდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთში სამდღიანი ტურნეს ფარგლებში ტელეკომპანია Al-Arabiya-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ირანის ბირთვული იარაღის აღკვეთის საკითხთან დაკავშირებით თეთრ სახლში ყველა ვარიანტს განიხილავენ.
კითხვაზე, შედის თუ არა ამაში სამხედრო ვარიანტი, დიპლომატი ამბობს, „ყველა ვარიანტი მაგიდაზეა“.
ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები კვლავ დარწმუნებულია, რომ დიპლომატია არის ყველაზე ეფექტური გზა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებასთან გასამკლავებლად.
“დიპლომატია არასოდეს ტოვებს მაგიდას. მაგრამ პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე ნათლად აჩვენა, რომ ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში შევუშალოთ ხელი. ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, რომ ეს არ მოხდეს. მაგრამ დიპლომატია იქნება ჩვენთვის სასურველი გზა”, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
მანვე გაიხსენა, რომ 2022 წლის ზაფხულის ბოლოს ირანის ხელისუფლებას შესაძლებლობა ჰქონდა, დაბრუნებულიყო საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებასთან, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს.
”ახლა ჩვენი ყურადღება გამახვილებულია ბევრ რამეზე, რაც მას შემდეგ მოხდა, მათ შორის, ირანელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული საშინელი რეპრესიებია, როდესაც ახალგაზრდები, განსაკუთრებით ქალები, თავიანთ ძირითად უფლებებს იცავდნენ. იმავეს აკეთებენ ოპოზიციური საზოგადოებებიც და ასევე რეპრესიების სასტიკი მსხვერპლი ხდებიან. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ უჭერს მხარს ირანი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში, აწვდის დრონებს და შესაძლოა, სხვა იარაღსაც“, – განაცხადა ბლინკენმა.