„უკრაინა ხდება ავღანეთი“ – უნგრეთის პრემიერს ომში უკრაინის გამარჯვების არ სჯერა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომის ამჟამინდელ ვითარებაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ ომში უკრაინის გამარჯვების არ სჯერა.

ორბანის თქმით, დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ პუტინი თავის თავს ომის წაგების უფლებას ვერ მისცემს და არც წააგებს, რადგან მომავალ წელს რუსეთში არჩევნები გაიმართება და ის ვერ წარდგება არჩევნებში, როგორც პრეზიდენტი, რომელმაც ომი წააგო.

გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინაში ნატოს ყოფნას არ დაუშვებს. ამასთან, მისი თქმით, დრო, როდესაც რუსეთს შეეძლო უკრაინის დაპყრობა და ქვეყანაში პრორუსული ხელისუფლების დაყენება, დიდი ხანია გავიდა.

„რუსეთს სწრაფი გამარჯვება რომ მოეპოვებინა, ეს შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ახლა ეს უიმედო სცენარია“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის მიზანია უკრაინა გადააქციოს უმართავ ნანგრევებად. ორბანის თქმით, რუსებმა ამ კუთხით უკვე მიაღწიეს წარმატებას, რადგან ახლა უკრაინა, ისევე როგორც ავღანეთი, „არავის მიწაა“.

უნგრეთის პრემიერის განცხადებით, დასავლეთს არ ესმის, რომ უკრაინის ომში დრო რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებს, რადგან ის უზარმაზარი ქვეყანაა და შეუძლია უზარმაზარი არმიის მობილიზება, უკრაინას კი, ეს არ შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები