“მზად ვართ განხილვისთვის” – თეთრ სახლში კიევისთვის F-16-ის გაგზავნას არ გამორიცხავენ
თეთრი სახლი უკრაინისთვის გამანადგურებლების მიწოდების იდეას, კიევთან და სხვა მოკავშირეებთან “ძალიან ფრთხილად” განიხილავს.
ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილე, ჯონ ფაინერმა MSNBC-ის ეთერში განაცხადა, წერს Reuters.
„ჩვენ არ გამოგვირიცხავს რაიმე კონკრეტული სისტემები. ჩვენ შევეცადეთ ჩვენი დახმარება მოგვერგო იმ ბრძოლის ფაზასთან, რომელშიც უკრაინელები იმყოფებიან“, – განაცხადა ფეინერმა, უკრაინისთვის F-16-ის მიწოდების საკითხის კომენტირებისას.
26 იანვარს Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპის ქვეყნები უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების საკითხს განიხილავენ, მაგრამ ნატოს ზოგიერთი ქვეყანა, შესაძლო ესკალაციის დაწყებას ერიდება.
მაგალითად, F-16-ის მიწოდების მზაობა ნიდერლანდებმა გამოთქვა.
საფრანგეთი ასევე არ გამორიცხავს თვითმფრინავების მიწოდებას, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს არ გამოიწვევს ომის ესკალაციას.