გერმანიის თანხმობის შემთხვევაში, ესტონეთი მზად არის უკრაინას კასეტური საბრძოლო მასალები გადასცეს
ესტონეთი მზად არის უკრაინას კასეტური საბრძოლო მასალა გადასცეს, თუმცა რეექსპორტზე გერმანიის ნებართვაა საჭირო.
ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა ERR-თან საუბარში თქვა.
მინისტრის თქმით, გადაწყვეტილია კიევისთვის 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის გადაცემა, თუმცა ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმების გასაჯაროება არ ისურვა.
“თუ ჩვენ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას მივაწვდით, აქ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ორივე ქვეყანა, უკრაინის ტერიტორიაზე, ასეთ საბრძოლო მასალას იყენებს”,- თქვა პევკურმა.
აღნიშნულია, რომ 90-ანი წლებიდან ესტონეთის თავდაცვის ძალებს, გერმანული წარმოების კასეტური საბრძოლო მასალები გააჩნიათ. თავად გერმანიამ, ასეთი ჭურვების წარმოება და გამოყენება შეწყვიტა.
კასეტური საბრძოლო მასალები განსაკუთრებით საშიშია მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. თითქმის 15 წელია მსოფლიოში მოქმედებს საერთაშორისო კონვენცია, რომელიც კრძალავს კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას და გადაცემას. თუმცა უკრაინა, ესტონეთი და რუსეთი ამ კონვენციას არ შეუერთდნენ, გარდა ამისა, შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს – აშშ-მა, ჩინეთმა და ისრაელმა.