საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო ირანის ბირთვული პროგრამის მონიტორინგის აღდგენას ელოდება

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო (IAEA) ვარაუდობს, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში, უახლოეს მომავალში შეძლებს ირანის ბირთვული ობიექტების ინსპექტირების დაწყებას.

ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა.

„ერთი რამ ცხადია: არსებობს ურთიერთგაგების მემორანდუმი. მასში ნათლად არის ნათქვამი, რომ მემორანდუმის ბირთვული ნაწილი ზედამხედველობას დაექვემდებარება. ზედამხედველობას ატომური ენერგიის სააგენტო ახორციელებს. ზედამხედველობის განსახორციელებლად ინსპექტირება აუცილებელია – სხვა გზა არ არსებობს. ტექნიკური სამუშაოები უკვე დაწყებულია და ჩვენ ველოდებით, რომ ინსპექტირება მალე დაიწყება“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს იაპონიის ეროვნულ პრესკლუბში.

ირანის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგების ტერიტორიულ მდებარეობაზე საუბრისას, ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, „ისინი იმავე ადგილას არიან, სადაც 2025 წლის ივნისში იყვნენ“.

„ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ ისინი ისევ იქ არიან, სადაც 2025 წლის ივნისში იყვნენ. მათი უმეტესობა ფორდოუს ობიექტზეა, ზოგი კი ნატანცში. ეს ჩვენი ვარაუდია, მაგრამ ამის დასადასტურებლად, ჯერ წვდომა გვჭირდება“, – განმარტა მან და გაიხსენა, რომ 2025 წლის ივნისში მათი ბოლო ვიზიტის დროს, ატომური ენერგიის სააგენტოს სპეციალისტებმა „გაზომეს, აწონეს და დალუქეს ყველა მასალა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები