ირაკლი კობახიძე – დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უმაღლესი განათლების რეფორმა, გვინდა, გავაძლიეროთ რეგიონული უნივერსიტეტები, ასევე, ოპტიმიზაცია არის ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ჩვენ პირველად, მთელი ამ წლების განმავლობაში, უზრუნველვყავით ის, რომ შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოვიდა მიღება და ჩარიცხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ჩვენ დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უმაღლესი განათლების რეფორმა და კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ამ რეფორმის ძირითადი მიმართულებები, ეს არის, მათ შორის, სისტემის დეკონცენტრაცია – ჩვენ გვინდა, რომ ქუთაისში შევქმნათ უმაღლესი განათლების მეორე მთავარი კერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რეფორმის მნიშვნელოვანი მიმართულებებია რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერება და ოპტიმიზაცია.
„გვინდა, გავაძლიეროთ რეგიონული უნივერსიტეტები. ასევე, ოპტიმიზაცია არის ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, მათ შორის ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპი, რაც თვისობრივად გააუმჯობესებს ოპტიმიზაციის კუთხით მდგომარეობას.
ხორციელდება პროგრამების ოპტიმიზაცია და არსებითად გადავდივართ 3+1 სისტემაზე. სახელმწიფო უნივერსიტეტები არსებითად მიიღებენ მხოლოდ ქართველ სტუდენტებს. 5%-იანი ზღვარი იქნება დადგენილი უცხოელი სტუდენტებისთვის, რაც ქართველი სტუდენტებისთვის უკეთეს ხარისხს უზრუნველყოფს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. საკადრო პოლიტიკას რაც შეეხება, შემოვიღეთ წამყვანი პროფესორის თანამდებობა შესაბამისად გაზრდილი ანაზღაურებით და ესეც არის ამ რეფორმის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება. გავაძლიერებთ კვლევით კომპონენტს. პირველად ჩვენს ქვეყანაში, არსებითად ჩატარდა შრომის ბაზრის ანალიზი და გამოიკვეთა ძალიან დიდი შეუსაბამობები შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და გამოშვებას შორის, მიღებასა და გამოშვებას შორის. საბოლოო ჯამში, ჩვენ პირველად, მთელი ამ წლების მანძილზე, უზრუნველვყავით ის, რომ შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მოვიდა შესაბამისობაში მიღება და ჩარიცხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში,”- აღნიშნა პრემიერმა.