დაღესტანში ტერორისტული ქსელის ორგანიზებაში ბრალდებული მოზარდი დააკავეს
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ინფორმაციით, დაღესტანში დააკავეს 17 წლის მოზარდი, რომელსაც საერთაშორისო ონლაინ-ტერორისტული ქსელის ორგანიზებასა და მართვაში ადანაშაულებენ.
რუსული მედიის ცნობით, გამოძიების ვერსიით, დაკავებული ინტერნეტის საშუალებით კოორდინაციას უწევდა ჯგუფის საქმიანობას და ახალ წევრებს იზიდავდა. სამართალდამცავების განცხადებით, ქსელის წევრები შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყვნენ ძალადობრივი ქმედებების, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებზე თავდასხმების დაგეგმვასთან, ქონების განზრახ დაზიანებასა და ცრუ შეტყობინებების გავრცელებასთან.
საქმეზე გამოძიება ტერორისტული საქმიანობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლებით მიმდინარეობს. უწყებების ცნობით, ტარდება დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ჯგუფთან დაკავშირებული სხვა პირების ვინაობაც.