საფრანგეთში სიცხის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 55-ს მიაღწია

საფრანგეთში მიმდინარე სიცხის გამო, დახრჩობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კვლავ იზრდება,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

“ბოლო მონაცემებით, უკიდურესად მაღალი ტემპერატურის პერიოდის დაწყებიდან მსგავს ინციდენტებს უკვე 55 ადამიანი ემსხვერპლა”,- განაცხადა საფრანგეთის სპორტის მინისტრმა, მარინა ფერარიმ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენობის შემდგომ ზრდას არ გამორიცხავს.

ამავდროულად, საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემა ცხელი ამინდის შედეგების გამო სერიოზულ ზეწოლას განიცდის. პომპიდუს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, ფილიპ ჟუვინის თქმით, ბოლო დღეებში დედაქალაქის რეგიონში სასწრაფო დახმარების გამოძახებების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მან აღნიშნა, რომ სამედიცინო სამსახურები თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმით მუშაობენ და ზოგიერთი პაციენტი საავადმყოფოებში მოხვედრამდე იღუპება.

„ხალხი საავადმყოფომდე მისვლამდეც კი იღუპება. პაციენტების დიდ ნაკადთან გამკლავება სასწრაფო დახმარების განყოფილებებსაც კი უჭირთ“, – ხაზგასმით აღნიშნა ჯუვენმა.

ამასთან, საფრანგეთში ამინდის მაღალი გაფრთხილება კვლავ ძალაშია. პარასკევს, ქვეყნის 61 დეპარტამენტში წითელი განგაში გამოცხადდა.

საფრანგეთის ხელისუფლება კვლავ მოუწოდებს საზოგადოებას, მიიღონ სიფრთხილის ზომები, თავი აარიდონ მზეზე ხანგრძლივ ყოფნას და ყურადღებით აკონტროლონ საკუთარი ჯანმრთელობა უკიდურესად მაღალი ტემპერატურის პირობებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები