მიხა ხელაშვილის დაბადების დღე და „ლექსო ამოგთქომ, ოხერო“…

1900 წლის 25 იანვარს დაიბადა ქართველი სახალხო პოეტი მიხა ხელაშვილი. დღეს მას 123 წელი შეუსრულდებოდა.
1920-იანი წლების ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და „შეფიცულთა რაზმის“ წევრი.
ავტორია პოპულარული ლექსისა „ლექსო ამოგთქომ ოხერო“, რომელიც ზეპირად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ, ხელაშვილის მშობლიურ ფშავში. 1922-1924 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში.
გავრცელებული ვერსიით,  საკუთარ დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, მოკლეს საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობრებმა: ლევან გარსევანიშვილმა, ლუკა მარცვალაშვილმა და ვახტანგ რაზიკაშვილმა. სხვა ვერსიით, დაიღუპა დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს. დაკრძალულია ჩარგლის სოფლის სასაფლაოზე.
2022 წლის 9 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხა ხელაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

ლექსო ამოგთქომ, ოხერო…

ლექსო, ამოგთქომ, ოხერო,
თორო იქნება ვკვდებოდე,
და შენ კი ჩემად სახსოვრად
სააქაოსა რჩებოდე,
გიმღერდენ ჩემებრ სწორები
ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე,
ქვეყანა მხიარულობდეს,
და მე საფლავში ვლპებოდე.
ნეტავი, ჩემო სახელო,
დიდხანამც იხსენებოდე,
ჩემო ნათქვამო სიტყვაო,
შენამც კი გაჰქვეყნდებოდე.
შენ, ჩემო საფლავის კარო,
შენამც კი აჰყვავდებოდე,
სახლო, არ დაიშლებოდე,
ცოლო, არ გათხოვდებოდე…
ერთ ეგეც უნდა ვიკითხო,
ჩემ სიკვდილს ვინ იტირებსა,
ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა,
საქმეს ვინ გაიჭირებსა?
ამასა ვფიქრობ და გულიცა
ამასვე ანამდვილებსა.
დედის მეტს ჩემი სიკვდილი
არავის აატირებსა.
თუმც ნათესავნი, და-ძმანი
აღარ აისხმენ ღილებსა,
ცოლიც ძალიან მიტირებს,
ქვეყანას გააკვირვებსა,
ცოტა ხნის შემდეგ ისიცა
სხვისა ჭირს გაახლინებსა.
სულ ყველას დავავიწყდები,
ყველას სხვა დაათირებსა,
მე დედის გულში ვიქნები,
ძილსაც ვერ დაიძინებსა,
ვენაცვლე ძუძუს გამზრდელსა,
გულით ეგ დამიტირებსა,
დედას უყვარვართ შვილები,
დედა არ გვახსოვს შვილებსა,
იმითა გვტანჯავს გამჩენი,
სულ მუდამ გვაცოდვილებსა.

მიხა ხელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები