ხელოვნების სასახლეს ბრინჯაოს დეკორატიული ხელოვნების ნიმუში გადაეცა საჩუქრად
ხელოვნების სასახლეს მხატვარმა და მეცნიერმა ნინო ჯიშკარიამ საჩუქარი გადასცა – ბრინჯაოს დეკორატიული ხელოვნების ნიმუში. ინფორმაციას ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია ავრცელებს სოციალურ ქსელში.
„დღეს ქართველი მხატვრისა და მეცნიერისგან, ნინო ჯიშკარიასაგან ძვირფასი საჩუქარი მივიღეთ, ბრინჯაოს დეკორატიული ხელოვნების ნიმუში, რომელიც, სავარაუდოდ, XIX საუკუნით თარიღდება. ასეთი ნივთები ამშვენებდა ძველ სასახლეებს, რეზიდენციებსა და მდიდრულ სახლებს…
ნატიფად, ბრინჯაოში გაცოცხლებული ასეთი სილამაზე საუკეთესო მოგონებებისა და ემოციების სახსოვარიც იყო… დეკორატიული ხელოვნების ეს გამორჩეული ნიმუში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ხელოვნების სასახლის მუდმივ ექსპოზიციაში, ის ჩვენი სასახლის მკვიდრის, ცნობილი ქალბატონის, აგრაფინა ჯაფარიძის სილამაზის თავისებური სიმბოლოც იქნება“, – წერს გიორგი კალანდია.