“თვითმფრინავების მიწოდების საკითხი მკვდარი წერტილიდან დაიძრა” – დმიტრო კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემის საკითხი “მკვდარი წერტილიდან” დაიძრა.
“საკითხი დაიძრა და თუ ის თვითმფრინავის სიჩქარითვე იმოძრავებს, ძალიან მალე მივალთ შედეგამდე”, – თქვა მან.
უკრაინის ტელეარხზე გამოსვლისას მინისტრმა თქვა, რომ კიევს სამი დიდი საკითხი აქვს მოსაგვარებელი.
“მათგან ერთი – ტანკებია, და ის მგონია, რომ მოგვარებულია, და კიდევ ორი ოპციაა, რომელიც ჯერ არც გახსნილა, ეს არის შორი დისტანციის რაკეტები და საბრძოლო თვითმფრინავები. მაგრამ თქვენ უკვე შეგიძლიათ ნახოთ საინფორმაციო სივრცეში, რომ ჩნდება პირველი ცნობები იმის შესახებ, რომ “სადღაც ვიღაცა თვითმფრინავების თემას განიხილავს”. ადრე ასეთი რამ არ იყო, ახლა ეს უკვე რეალობაა”, – აღნიშნა კულებამ.
ის ფაქტი, რომ უკრაინელი პილოტები ამერიკული F-16-ებით ფრენას ისწავლიდნენ, გასულ ზაფხულს შეერთებულ შტატებში გამოცხადდა. თუმცა, უკრაინისთვის დასავლური მოდელების თვითმფრინავების გადაცემის საკითხის განხილვა, საჯარო სივრცეში, ჯერ არ ყოფილა.