ლაშა ხუციშვილი: 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, საბაჟო ორგანოს მიერ, სანქციების დარღვევის რისკის მქონე 1000-ზე მეტი ოპერაციაა გაუქმებული
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, საბაჟო ორგანოს მიერ, სანქციების დარღვევის რისკის მქონე 1000-ზე მეტი ოპერაციაა გაუქმებული, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სანქციების აღსრულების პროცესში საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, საუბარია სხვადასხვა ტიპის ოპერაციაზე, რომელიც მოიცავს, როგორც ექსპორტს, ისე რეექსპორტსა და ტრანზიტს. „ძალიან ფართოა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლის ოპერაციებიც იქნა შეჩერებული. ეს არ ეხება სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთს, რადგან ამას სჭირდება ნებართვა და ბუნებრივია, ამგვარი ტიპის ნებართვას სახელმწიფო არ გასცემს. ძირითადად, იყო საყოფაცხოვრებო საქონელი, რომელიც სანქციების სიაშია. ამ მიმართულებით, ძალიან მკაცრი კონტროლია. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ემუშავება ბიზნესოპერატორებს, იმპორტიორებს, ამ ოპერაციებში ჩართულ პირებს, რათა წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია, რა არის სანქცირებული და რა არა. დაახლოებით, 500-ზე მეტი შემთხვევა იყო, როდესაც მათ მიმართეს შემოსავლების სამსახურს და განემარტათ, რომ ასეთი ოპერაციის განხორციელება არ შეიძლება.
მკაცრი კონტროლი ეხება, როგორც ევროკავშირიდან წამოსულ საქონელს, რომელიც მიდიოდა რუსეთში და ასევე, პირიქით, საუბარია რუსეთიდან წამოსულ საქონელზე, რომელიც რუსეთიდან მიდიოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. შესაბამისად, ტრანზიტის ნაწილში სრულად ხდება ამ პროცესის კონტროლი. არის შემთხვევებიც, როდესაც გამომგზავნი ქვეყანა არ არის ევროკავშირის ქვეყანა, მაგრამ საქონელი არის ევროკავშირის ან აშშ-ის წარმოშობის და მისი გადაადგილება ხდება საქართველოს ტერიტორიაზე.
ბუნებრივია, წარმოშობიდან გამომდინარე, აღნიშნულ საქონელზეც ხორციელდება ცალკე კონტროლი. ამ მიმართულებით, ძალიან ბევრი რისკის პროფილია შექმნილი, რომლითაც ხდება ასეთი ტიპის საქონლის კონტროლი. ასევე, ცალკე რისკის პროფილია შემუშავებული უშუალოდ იმ პირებზე, რომლებიც შესულები არიან სანქციების სიაში და მათზე ხორციელდება ცალკე კონტროლი. ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს ეროვნულ ბანკში, რომელიც უკვე საფინანსო სექტორში ახორციელებს ზედამხედველობას. შესაბამისად, ნებისმიერი აქტივობა, რომელიც სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ხორციელდება, არის მკაცრად კონტროლირებადი”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, აქტიური კომუნიკაციაა იმ უწყებებთანაც, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი სანქციების აღსრულების ნაწილზე.
„ამ მიმართულებით, ევროკავშირში არის ცენტრალიზებული ორგანო და მასთან გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, ასევე, აქტიურად ვეთანამშრომლებით აშშ-ში შესაბამის უწყებებს. ბუნებრივია, ამ პროცესში ძალიან აქტიურად არის ჩართული აშშ-ის საელჩო. იგივე ხდება დიდ ბრიტანეთთან და ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომელიც მონაწილეობს ეკონომიკურ აქტივობებში. საქართველოს ჰყავს ორი სერტიფიცირებული ექსპერტი, სანქციების აღსრულებაში. აშშ-ში არსებობს სპეციალური პროგრამა, რომლის შემდგომაც პირები აბარებენ შესაბამის გამოცდას და იღებენ ექსპერტის სერტიფიკატს სანქციებთან მიმართებით. დღეს საქართველოს საბაჟო სამსახურს ჰყავს ორი ასეთი ექსპერტი და მათზე კვალიფიციურად პასუხს ვერავინ გასცემს კონკრეტულ ტრანზაქციასთან მიმართებით, არის თუ არა სანქცირებული”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, შესაძლებელია, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშიც ვერ ხორციელდებოდეს ასეთი ტიპის კონტროლი ტვირთებთან მიმართებით, როგორიც ეს საქართველოში ხდება.
„ბრალდებისას სიტყვების გარდა, რაღაც ფორმით მაინც, წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებები. სამწუხაროდ, ასეთი მტკიცებულებები არ არის და ბუნებრივია, ვერც იქნება, რადგან ის ბუნებაში არ არსებობს. თუ დააკვირდებით, ნებისმიერი მცდარი თუ ყალბი ინფორმაცია, ძირითადად, ვრცელდება პოლიტიკოსებისგან, რომლებსაც გარკვეული ინტერესები ამოძრავებთ და არცერთ შემთხვევაში ეს არ არის რომელიმე ოფიციალური ორგანო”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მედიას ინფორმაცია გადაამოწმოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.
„ჩვენი თხოვნა მედიასთან მიმართებით არის სწორედ ის, რომ დავსვათ შეკითხვები, რათა გავიგოთ ზუსტი ინფორმაცია. არსებობს უწყება, რომელსაც შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება აქვს. სანამ გადაუმოწმებელ ინფორმაციას გავავრცელებთ, უმჯობესია, ინფორმაცია ავიღოთ პირველწყაროდან და შესაბამისად, ორივე ინფორმაცია თანაბრად გააშუქოთ – ოფიციალური წყაროსგან დადასტურებული და მხოლოდ ვარაუდების დონეზე გამოთქმული და არანაირი მტკიცებულებით გამყარებული. თქვენ, თუ ნახავთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდს, ძალიან ბევრი განცხადება დევს. ვის მიერაც არ უნდა ყოფილიყო გავრცელებული ესა თუ ის ჭორი, ან გადაუმოწმებელი ინფორმაცია, ყოველთვის იყო გაცემული პასუხი, ამიტომ როდესაც გადაუმოწმებელი ინფორმაცია არსებობს, მითუმეტეს სანქციებთან დაკავშირებით, თხოვნაა ეს ინფორმაცია შემოსავლების სამსახურთან, საბაჟო დეპარტამენტთან გადავამოწმოთ. ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი ტიპის ინფორმაციასთან ერთად გავრცელდეს, ოფიციალური პოზიცია”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.