რატი იონათამიშვილი: კობახიძემ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს წერტილი დაუსვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

იონათამიშვილის შეფასებით, კობახიძემ თავისი განცხადებით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო გამოწვევებს ღირსეულად უმკლავდება.

„ირაკლი კობახიძემ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს წერტილი დაუსვა. ცხადია, ჩვენ ეს სიმართლე ისედაც ვიცოდით, ჩვენი საზოგადოება ყველაფრის საქმის კურსში იყო, მაგრამ იმისათვის, რომ არ დარჩენილიყო სივრცე სპეკულაციებისა და მანიპულაციისთვის, ფაქტებით, კონკრეტული ციფრებით მოხდა გაქარწყლება ასეთი პროვოკაციული განცხადებების თუ პოზიციების. ეს განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე და ჩვენი ქვეყანა ღირსეულად ართმევს თავს გამოწვევებსა და ამოცანებს. თუ ციფრების გასაჯაროვების შემდეგ ვინმე გაბედავს და იკადრებს ჰიბრიდული ომის გაგრძელებას საქართველოს წინააღმდეგ, ამით მხოლოდ საკუთარი თავის ლუსტრაციას მოახდენს. ეს ქვეყნის შიგნით მიზნად ჰქონდა დასახული რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც უკვე დიდი ხანია, ებრძვის არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ჩვენს სახელმწიფოს და საზოგადოებას. ასევე, გვახსოვს საეჭვო რეპუტაციის მქონე ჟურნალისტები, ერთ-ერთია რუსული წარმოშობის, რომელიც ხშირ შემთხვევაში, გამოდიოდა ოკუპანტი ქვეყნის მხარდამჭერად და მათ გამაგრძელებლად. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა ძალები არიან ხოლმე ჰიბრიდულ ომში საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, სადაც წერს: “საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო”.

კობახიძის თქმითვე, ვიდრე საქართველოს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების გამო კიცხავენ, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს იმპორტირებულ საქონელში ყოველდღიურად ასეულობით მილიონ ევროს უხდიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები