“ომში, თითქმის 180 ათასი რუსი და 100 ათასი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა ან დაიჭრა” – ნორვეგიის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი

ნორვეგიის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა, ეირიკ კრისტოფერსენმა განაცხადა, რომ უკრაინის ომში, თითქმის 180 ათასი რუსი და 100 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა.

ამის შესახებ მან TV2-თან ინტერვიუში განაცხადა.

კრისტოფერსენს არ დაუკონკრეტებია თუ რომელ სადაზვერვო ინფორმაციას ეყრდნობა.

„რუსეთის დანაკარგი უახლოვდება 180 000 მოკლულ და დაჭრილ ჯარისკაცს. უკრაინის დანაკარგები, სავარაუდოდ 100 000 დაღუპულ და დაჭრილ ჯარისკაცს აღემატება. გარდა ამისა, უკრაინაში, დაახლოებით 30 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ამ საშინელ ომში, რომელიც ჩვენგან არც ისე შორს მიმდინარეობს”, – თქვა მან.

კრისტოფერსენმა ასევე თქვა, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა აწარმოოს მეტი იარაღი, ამოიღოს აღჭურვილობა თავისი საწყობებიდან და კიდევ უფრო მეტი ადამიანის მობილიზება მოახდინოს.

”რუსეთს, რეალურად შეუძლია ამას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაუძლოს”, – თქვა მან.

კრისტოფერსენს მიაჩნია, რომ უკრაინას ახლა ძალიან სჭირდება საჰაერო თავდაცვის შენარჩუნება.

მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინას ასევე სჭირდება ტანკები შეტევაზე გადასასვლელად და ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად.

”თუ ისინი აპირებენ შეტევაზე ზამთარში გადასვლას, მაშინ ისინი ძალიან სწრაფად სჭირდებათ”, – თქვა გენერალმა.

შეგახსენებთ, აშშ-ს არმიის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ გასული წლის მიწურულს განაცხადა, რომ რუსეთმა დიდი დანაკარგი განიცადა – 100 000-ზე მეტი ცოცხალი ძალის სახით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები