გერმანიას არ იქნება წინააღმდეგი, თუ პოლონეთი უკრაინას გერმანული წარმოების Leopard 2 ტანკებს გაუგზავნის, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ფრანგულ ტელეარხ LCI-თან ინტერვიუში.
კითხვაზე, რა მოხდებოდა, თუ პოლონეთი გერმანულ ტანკებს ბერლინის თანხმობის გარეშე უკრაინას გაუგზავნის, ბურბოკმა უპასუხა: “ხელს არ შევუშლით. ამ დროისთვის ასეთი კითხვა არ დასმულა, მაგრამ ჩვენთვის რომ ეკითხათ, არ შევეწინააღმდეგებოდით”.
ჟურნალისტის დაზუსტების კითხვაზე, სწორად გაიგო თუ არა, რომ გერმანია არ იქნება წინააღმდეგი, თუ პოლონეთმა ტანკები უკრაინაში გაგზავნა, გერმანელმა მინისტრმა თქვა, “თქვენ სწორად გამიგეთ”.
„ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტანკები და ამიტომაც განვიხილავთ ამას ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ადამიანების სიცოცხლეები იქნება შენარჩუნებული, უკრაინის ტერიტორია კი განთავისუფლებული“, – დასძინა მან.