„ხუდონჰესის“ ინვესტორი კომპანია მზადაა, სვანეთში ახალი სოფელი ააშენოს
“საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის” ორგანიზებით სასტუმრო “თბილისი მერიოტში” ენერგეტიკოსებს, ეკონომისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის „ხუდონჰესის“ პროექტთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა. „ხუდონჰესის“ ინვესტორი კომპანია მზად არის, სვანეთში ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ახალი სოფელი ააშენოს.
“ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ავაშენოთ სოფელი, რომლის დარი არც ერთი არ იქნება საქართველოში. აქ არიან ახალი ტექნოლოგიების წარმომადგენლები. მერწმუნეთ, გამოყენებული იქნება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები, გათბობისთვის, ენერგოეფექტურობისთვის ყველა ნაგებობაში. სულ ახლოს იმ ადგილთან, სადაც დღეს ცხოვრობს ადგილობრივი მოსახლეობა, ახალი სოფელი აშენდება”, – განაცხადა „ხუდონჰესის“ ინვესტორი კომპანიის “ტრანსელექტრიკას” ტექნიკურმა დირექტორმა დავით მირცხულავამ.
მირცხულავას განცხადებით, ის „ხუდონის“ მშენებლობის მომხრე გასული საუკუნის ოთხმოციან წლებშიც იყო და დღესაც მიაჩნია, რომ ეს ქვეყნის მომავალია. “განვითარების სხვა საშუალება, ეკონომიკური ზრდის სხვა საშუალება ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია. ნებისმიერ ჩვენს მეზობელ ქვეყანას, რომელსაც ბუნებრივი გაზის რესურსი გააჩნია, ნამდვილად აქვს სურვილი, რომ ჩვენთან თბოსადგურები შენდებოდეს. დღეისათვის 73–75%-ით ვართ ენერგოდამოკიდებულები მეზობელ ქვეყნებზე. ჩვენ სხვა შანსი არ გვაქვს, ჩვენი საკუთარი უნდა გამოვიყენოთ”, – დასძინა მან.