Der Spiegel: გერმანიის დაზვერვა შეშფოთებულია ბახმუტისთვის ბრძოლაში უკრაინის არმიის რიგებში დიდი დანაკარგების გამო
გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური (BND) შეშფოთებულია ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლაში უკრაინის არმიის რიგებში დიდი დანაკარგების გამო. ამის შესახებ ინფორმაციას Der Spiegel-ი ქვეყნის დაზვერვაში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გერმანიის დაზვერვის სამსახურმა ბუნდესტაგის წევრებს მიმდინარე კვირაში აცნობა, რომ უკრაინის არმია ამჟამად რუს ოკუპანტებთან ბრძოლებში ყოველდღიურად სამნიშნა რაოდენობის ჯარისკაცებს კარგავს.
BND-ში ასევე აცხადებენ, რომ რუსების მიერ ბახმუტის აღებას სერიოზული შედეგები მოჰყვება, რადგან ეს რუსეთს შემდგომი წინსვლის საშუალებას მისცემს.
ამასთან, გერმანიის დაზვერვის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსული ძალები ბახმუტის მახლობლად დაუნდობელი სისასტიკით მოქმედებდნენ, თავიანთ ჯარისკაცებს საზარბაზნე ხორცად იყენებდნენ, თუმცა „დიდი დანაკარგები, როგორც ჩანს, გავლენას არ ახდენს მათ საბრძოლო ტაქტიკაზე“.