,,ჩემო კალამო ანუ ჩვენი გოლგოთა“ – დმანისის თეატრმა მორიგი პრემიერა ილია ჭავჭავაძეს მიუძღვნა
დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მუდმივმოქმედმა დასმა, რომელიც საკუთარ კერაზე დმანისის თეატრის შენობის საფუძვლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ დამკვიდრდება, თეატრის დაარსებიდან 33 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დრამატული კომპოზიცია „ჩემო კალამო ანუ ჩვენი გოლგოთა“ წარმოადგინა. საპრემიერო ჩვენება გაიმართა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, რომელსაც 14 იანვარს 45 წელი შეუსრულდა.
პრემიერას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი ესწრებოდნენ.
„სპექტაკლი, ილია ჭავჭავაძის დაბადების 185-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებათა ფარგლებში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა. კომპოზიციაში გამოყენებულია ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და ღვაწლის ამსახველ საუკეთესო თხზულებათა ფრაგმენტები, ილიას მკვლელობასა და ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებული მასალები, მათ შორის – საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი საარქივო დოკუმენტები.
კომპოზიციის ავტორია ლიტერატორი და პუბლიცისტი იოსებ ჭუმბურიძე, დამდგმელი რეჟისორი – დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე, მხატვარი – თეო კუხიანიძე. სპექტაკლში მონაწილეობენ დმანისის თეატრის დასის წევრები: ანა ბერელაშვილი, ანა ბანძელაძე, ანანო ლომიძე, ნანუკი მაკრახიძე, დათო ჩოგოვაძე, გიორგი გიორგიძე, კონსტანტინე ფოცხვერაშვილი, ასევე – მიწვეული მსახიობები: გია აბესალაშვილი, კოტე მჟავია, ნიკა კახელი.
აღსანიშნავია, რომ 1990 წელს, როდესაც ქართველი მეცნიერის, ჯუმბერ კოპალიანის, ინიციატივით, საქართველოს სახალხო არტისტის, ზინაიდა კვერენჩხილაძის, ხელმძღვანელობითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის, ლოცვა-კურთხევით, ქალაქ დმანისში თეატრი დაარსდა, სწორედ 19 იანვარს გაიმართა პრემიერა პირველი სპექტაკლისა „ჩემო კალამო“, რომელიც რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ დადგა.
მიხეილ თუმანიშვილის ერთ-ერთი გამორჩეული მოწაფის, გიორგი სიხარულიძის, ორიგინალურმა რეჟისორულმა ხელწერამ ახალი სპექტაკლით საინტერესოდ წარმოაჩინა დმანისის თეატრის ახალგაზრდული დასი და ღირსეული პატივი მიაგო დიდი ილიას ხსოვნას. სპექტაკლი გამსჭვალულია ილიასეული მწარე სიმართლით, რომელიც ეფუძნება პრინციპს: „მოყვარეს პირში უძრახე“, ეს ყოველივე კი გადმოცემულია უაღრესად თანამედროვე თეატრალური ფორმით.
დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, გიორგი სიხარულიძესთან თანამშრომლობით სამინისტრო აქტიურად ცდილობს დმანისის თეატრის წინაშე არსებული გამოწვევების აღმოფხვრას, კერძოდ: მიმდინარეობს მუშაობა დმანისის თეატრის შენობის რეკონსტრუქციაზე; დმანისის თეატრის ბიუჯეტი, რომელიც 26 000 ლარის ფარგლებში მერყეობდა, 2022 წელს გაიზარდა და 408 462 ლარი გახდა; ახალგაზრდა მსახიობებისგან ჩამოყალიბდა მუდმივმოქმედი დასი; დმანისის თეატრს გამოეყო დაფინანსება სადადგმო ხარჯისთვის“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.