ოთარ დანელია USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია USAID -ის პროექტის ხელმძღვანელს კავკასიის რეგიონში სტივ ჰაიკინს და “საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის“ (REAP) ხელმძღვანელს ლუის ფაოროს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ლუის ფაორომ REAP-ის მიმდინარეობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა. ,,საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის“ მიზანია, ხელი შეუწყოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლების ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას, აგრობიზნესში ინვესტიციების მოზიდვას და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფას. გათვალისწინებულია მექანიზაციისა და ფერმერთა მომსახურების ცენტრების, სასაწყობო მეურნეობის, დამახარისხებელი, მცირე და საშუალო ზომის გადამამუშავებელი საწარმოების დახმარება. პროექტი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების მოზიდვას. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ხუთწლიანი პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 19,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ორ კომპონენტს აერთიანებს: გრანტი და ტექნიკური დახმარება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 120 გრანტის გაცემა. ტექნიკურ დახმარებს მიიღებს ყველა გრანტის მიმღები საწარმო. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, საქართველოში USAID-ის არაერთი პროექტი წარმატებით ხორციელდება. დღეისათვის, როდესაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს ჩვენს ქვეყანას, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. ,,საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის“ ფარგლებში მიღებული დახმარება შესაძლებლობას მოგვცემს სოფლის მეურნეობის დარგში გავზარდოთ როგორც მომსახურების, ისე პროდუქციის ხარისხი. აღნიშნული პროექტი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული პირებისთვის ითვალისწინებს საგანმანათლებლო მიმართულებით დახმარებასაც, რაც არსებითად მნიშვნელოვანია და დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას უწყობს ხელს.