იმერლიშვილი: პრეზიდენტის ხედვა კონსტიტუციის არსებულ რედაქციაზეა დამყარებული
პრეზიდენტმა საჭიროდ ჩათვალა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა ჩამოეყალიბებინა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განუცხადა. მისივე განმარტებით, ეროვნული უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით პრეზიდენტის ხედვა დამყარებულია კონსტიტუციის არსებულ რედაქციასა და ფუნქციებზე, რომლებიც პრეზიდენტს აქვს. “პრეზიდენტმა საჭიროდ ჩათვალა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით ჩამოეყალიბებინა საკუთარი ხედვა. ის, თუ როგორ წარმოუდგენია ამ ორგანოს ფუნქციონირება. ეს ხედვა დამყარებულია კონსტიტუციის არსებულ მოდელსა და დღევანდელ რედაქციაზე, ასევე იმ ფუნქციებზე, რომლებიც აქვს პრეზიდენტს”, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა. ამასთან, უშიშროების საბჭოს მდივნის განმარტებით, ის ეთანხმება პოზიციას, რომ “ეროვნული უშიშროების საბჭოს” შესახებ ორგანული კანონი კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაშია მოსაყვანი. “იმ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი და ინიციატორი, რომელზეც პარლამენტი მუშაობს, ირაკლი სესიაშვილსა და ვახტანგ ხმალაძესთან ერთად მეც ვარ. მომზადებული ცვლილებები გამომდინარეობს იქედან, რომ ძალაში შევიდა კონსტიტუციის ახალი რედაქცია. ამის შესაბამისად ბევრ კანონში განხორციელდა ცვლილება და მოვიდა ის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, ისევე, როგორც ახლა შესაბამისობაშია მოსაყვანი “ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” ორგანული კანონიც. შესაბამისად, როცა საუბარია და როგორც პრემიერმა თქვა, ერთგვარი აჟიოტაჟია ატეხილი იმაზე, რომ იცვლება ან იზღუდება პრეზიდენტის და ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციები, ნამდვილად, მეც ვეთანხმები, რომ “ეროვნული უშიშროების საბჭოს” შესახებ კანონი კონსტიტუციასთან არის შესაბამისობაში მოსაყვანი”, – აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა.