გიორგი მარგველაშვილის ხედვა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ პრეზიდენტის ხედვას ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ პრეზიდენტის ხედვას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ: “საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას. საქართველოს პრეზიდენტი არის სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
კოსტიტუციურად საქართველოს პრეზიდენტი სხვა უფლებამოსილებებთან ერთად:
საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში აცხადებს საომარ მდგომარეობას, სათანადო პირობების არსებობისას დებს ზავს;
ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა და შეიარაღებული ამბოხის, ეკოლოგიური კატასროფის და ეპიდემიის დროს, ან სხვა შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში;
საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოსცემს კანონის ძალის მქონე დეკრეტებს;
უფლებამოსილია მთავრობის წარდგინებით, პარლამენტის თანხმობით შეაჩეროს თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა, ან დაითხოვოს ისინი, თუ მათი მოქმედებით, საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებას.
გამოსცემს ბრძანებას, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი; • ამტკიცებს სამხედრო ძალების სტრუქტურას, მათ რაოდენობას კი ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტი; • იღებს გადაწყვეტილებას სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ; • იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფოსა და თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალის შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების შესახებ.
ყველა ამ უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად, სასურველი და აუცილებელიცაა პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა. ჩვენი ხედვითა და კონსტიტუციის სულისკვეთებიდან გამომდინარე, ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე “პოლიტიკური შეთანხმებების” მიღების ორგანოდ, მოიაზრება უშიშროების საბჭო.
საქართველოს კონტიტუციის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი, შექმნილია სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციისათვის. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდება ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობას, კონტრასიგნაციას არ საჭიროებს. ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით. ვფიქრობთ, გონივრული იქნება უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში მუდმივ წევრებად დაემატონ პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები, აგრეთვე – გენერალური შტაბის უფროსი. ამგვარად, სამი სახელისუფლებო ინსტიტუტის – პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის – წარმომადგენლობა ამ კონსტიტუციურ ორგანოში, მიგვაჩნია, რომ ოპტიმალური იქნება და უშიშროების საბჭოს შემადგენლობა ასე ჩამოყალიბდება: პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვისა და უშიშროებისა, საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, გენერალური შტაბის უფროსი. საჭიროების შემთხვევაში მოწვეული იქნებიან სხვა პირებიც. ამდენად, ეროვნული უშიშროების საბჭო, ინსტიტუციურად უზრუნველყოფს პრეზიდენტის სამუშაო ურთიერთობას როგორც მთავრობასთან, ისე პარლამენტთან. რაც შეეხება კიდევ ერთ ასპექტს, რომელზეც გვსურს გავამახვილოთ თქვენი ყურადღება განსახილველი თემის კონტექსტში -კანონმდებლობის თანახმად თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ქვეყანას აქვს 3 სტრატეგიული დონის დოკუმენტი, სადაც გაწერილია სახელმძღვანელო პრინციპები. ესენია: “ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია”, “საფრთხეების შეფასების დოკუმენტი” და “ეროვნული სამხედრო სტრატეგია”. ვფიქრობთ, ეროვნული უშიშროების საბჭოზე აუცილებელია აღნიშნული დოკუმენტების განხილვა და პოზიციების შეჯერება.
ეროვნული უშიშროების საბჭო არის: • საქართველოს კონსტიტუციური მოწყობის განუყოფელი ნაწილი; • ხელისუფლების სხვადასხვა შტოსა და ინსტიტუტის უშუალო კომუნიკაციის ინსტრუმენტი სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების საკითხებზე;   უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების ოპერატიულად მომზადების ადგილი.
უშიშროების საბჭო მოწოდებულია უზრუნველყოს კოლეგიურ ფორმატში უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემუშავება, ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს შორის კოორდინაცია თავდაცვისა და უშიშროების სფეროში”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები