თბილისის მერია და საკრებულო “სოლიდარობის ფონდის” ინიციატივას უერთდებიან
დედაქალაქის მერია და საკრებულო “სოლიდარობის ფონდის” ინიციატივას უერთდებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს “სოლიდარობის ფონდის” სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა. როგორც თბილისის მრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შესაძლებელია ცალკეული მუნიციპალური მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი ფონდის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო გახდეს. “ჩვენი თანამშრომლები ნებაყოფლობით გააკეთებენ შენატანებს, მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ ინსტიტუციურადაც ვიქნებით ჩართული ამ პროექტში, ვინაიდან რიგი ჯანდაცვითი მიმართულებები ფინანსდება დედაქალაქის ბიუჯეტიდან. რა თქმა უნდა, რაღაც ნაწილი ჩვენგან დაფინანსდება. მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ცალკეული მუნიციპალური მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი ასევე გახდება ფონდის დაფინანსების წყარო”, – განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე განცხადებით, “სოლიდარობის ფონდის” მეშვეობით ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარებიან, ვინც ამის საჭიროების წინაშე დგას. “სოლიდარობის ფონდს” ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს.