რუსეთში მობილიზაციის მეორე ტალღა გამოცხადდება? – შოიგუ არმიის შემადგენლობას 1,5 მილიონ ჯარისკაცამდე ზრდის
რუსეთის ჯარში ფართომასშტაბიანი ცვლილებები მოხდება. კერძოდ, 2026 წლამდე მისი რიცხვი 1,5 მილიონ ადამიანამდე გაიზრდება.
ამის შესახებ უწყების პრესსამსახურში განაცხადეს.
ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რომ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდის საკითხებზე შეხვედრა გამართა.
„შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ფართომასშტაბიანი ცვლილებები, მათი რაოდენობის გაზრდა, 2023-2026 წლებში განხორციელდება. ამას დასჭირდება მინისტრის ყველა მოადგილის, მთავარსარდლების, მეთაურების შესაბამისი კომპეტენტური გადაწყვეტილებების მიღება“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის არმიაში მოსალოდნელი ცვლილების შესახებ განცხადება ჯერ კიდევ 13 იანვარს უკრაინის სამხედრო დაზვერვაში გაკეთდა.
აღინიშნა, რომ იგეგმება 2-მილიონიანი ჯარის შექმნა.
ამასთან ითქვა, რომ ამ მიზნისთვის რუსეთს კიდევ ერთი მობილიზაციის გამოცხადება დასჭირდება, რასაც მოსკოვში კატეგორიულად უარყოფენ.