ეკა ბესელია სააკაშვილს პიჯაკების ნაცვლად ტერიტორიების დაბრუნებას ურჩევს
„თუ დაბრუნებაზეა საუბარი, მან, უპირველეს ყოვლისა, უნდა დააბრუნოს ის ტერიტორიები, რომელიც დაკარგულია მისი პრეზიდენტობის პერიოდში“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია საქართველოს ექსპრეზიდენტის მიერ დაბრუნებულ პიჯაკებს. პარლამენტის ადამინის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, სააკაშვილმა იაფფასიანი შოუ დადგა. “ის, რაც დღეს სააკაშილმა დადგა, იაფფასიანი შოუ იყო, ეს არის მისი სახე, ასეთი მდაბიო სანახაობებით მართავდა იგი ქვეყანას. თუ დაბრუნებაზეა საუბარი, მან, უპირველეს ყოვლისა, უნდა დააბრუნოს ის ტერიტორიები, რომელიც დაკარგულია მისი პრეზიდენტობის პერიოდში, დააბრუნოს უამრავი ადამიანის სიცოცხლე, შელახული უფლებები და ღირსება, ის მილიონები, რომლითაც სააკაშვილი და მისი გუნდი ძარცვავდნენ ქვეყანას. პალტო და პიჯაკი არის ქვეყნის ბიუჯეტისადმი მისი დამოკიდებულების უთავმოყვარეო გამოხატულება. ის, რაზეც ვსაუბრობ, არის მისი დასაბრუნებელი და ეს არის მისი ვალი ქვეყნის წინაშე, რომელსაც სააკაშვილი ვერასოდეს გამოისყიდის”, – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტის პალტო და 7 პიჯაკი დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გადაიტანეს, მას თან ახლდა მიხეილ სააკაშვილის წერილი – “ბატონ ბიძინა ივანიშვილს, გიბრუნებთ თქვენი გადაწყვეტილებისმებრ გამოყენებისთვის”. ყოფილი პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილი ტანსაცმელის ჩაბარებაზე მთავრობის ადმინისტრაციის საშვთა ბიუროში უარი განაცხადეს, რაც იმით ახსნეს, რომ ისინი მხოლოდ ოფიციალურ კორესპონდენციას იბარებენ, ამის შემდეგ სააკაშვილის ნივთები დაკარგულ საშვთა ბიუროში გადაიტანეს.