რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაიფიცნენ
თბილისიდან რუსთავის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა პარალიზებულია. დილის 10:00 საათიდან მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. ისინი რუსთავის ცენტრალურ მოედანზე არიან შეკრებილი. მათი განცხადებით, ქალაქში ეგრეთ წოდებული ყვითელი მიკროავტობუსების შემოყვანას გეგმავენ, რის შემდეგაც მათი უმრავლესობა უმუშევარი დარჩება. მძღოლები იმ წესსაც აპროტესტებენ, რომელიც დღეს საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. ხსენებული წესის მიხედვით იხელმძღვანელებს საკონკურსო კომისია. მძღოლები ამტკიცებენ, რომ ეს წესები ერთ კონკრეტულ ფირმაზეა მორგებული. საკონკურსო კომისია კი ირწმუნება, რომ რუსთაველი მძღოლების ინტერესები გათვალისწინებულია. დღესვე აქციის ფონზე ხმაურით მიმდინარეობდა საკრებულოში კონკურსის ჩატარების წესის განხილვა, რომელიც საკრებულომ ხმაურიანი განხილვის შემდეგ დაამტკიცა.