ირაკლი ქადაგიშვილი: ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რაც პირველ რიგში, ჰუმანურ მიდგომას ნიშნავს

“ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს კანონისა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რაც პირველ რიგში, ჰუმანურ მიდგომას ნიშნავს. ასევე გულისხმობს, მათ შორის პაციენტისა და მსჯავრდებულის უფლებების დაცვას, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით “ხალხის ძალის” მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

ქადაგიშვილის თქმითვე, ოპოზიციამ სახელმწიფოებრივად უნდა იმოქმედოს.

„ოპოზიციას ერთ რამეს ვეტყვი, ანუ, როდემდე უნდა იყოს საქართველო შანტაჟის მსხვერპლი. ხომ არ შეიძლება, რომ ვისაც ფსიქოლოგიური და მორალური მუხრუჭი არ გააჩნია, რომ მის ყოველ დაშანტაჟებაზე, ვინც არ უნდა იყოს ის, საქართველომ კანონი, სასამართლოს გადაწყვეტილება უგულებელყოს – ოღონდ ვინმემ არ დამაშანტაჟოს და ყველაფერზე თანახმა ვარ. ეს ასე არ ხდება. არცერთი სახელმწიფო, რომელიც თავის თავს პატივს სცემს, ასე არ იქცევა. გამომდინარე აქედან, ოპოზიციასაც მოვუწოდებ, უფრო მეტად სახელმწიფოებრივად იმოქმედონ. აქ საქმე იმაში არ არის, რომ შენ ოპოზიცია ხარ, ვიღაც ხელისუფლებაა. აქ საქმე არის ელემენტარულ ჭეშმარიტებაში, რომელიც როდისღაც, რომელიღაც ოპოზიციონერი ხელისუფლებაში მოვა, შესაძლოა, ეს დილემა მის წინაშეც დადგეს – დაექვემდებაროს შანტაჟს, თუ მიჰყვეს სახელმწიფოსა და კანონის ინტერესებს.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს კანონისა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რაც პირველ რიგში, ჰუმანურ მიდგომას ნიშნავს. გულისხმობს, მათ შორის პაციენტისა და მსჯავრდებულის უფლებების დაცვას, უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები