„სწორედ თეატრია ის ძალა, რაც ერის ცხოვრებისეულ პულსს სწევს მაღლა და მიუთითებს საზოგადოებას ნაკლოვანებებზე“
ხელოვნებათმცოდნე ნოდარ პაპუაშვილი ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.
„დღეს ქართული თეატრის დღეა!
1850 წლიდან ითვლის ისტორიას. რამდენი სიხარული, რამდენი იმედგაცრუება და თავდადება გამოიარა. ყოველთვის იდგა ქართული სიტყვის, გემოვნების, დამოუკიდებლობის სადარაჯოზე! რამდენი დიდი თეატრალი და პიროვნება იდგა მის გვერდით, მის ასაღორძინებლად, ქართული თეატრი ქართული რომ ყოფილიყო.
დიდი ილიასი არ იყოს, ერის სარკე რომ გამხდარიყო, ყველაფერი რომ არეკლილიყო მასში, ეროვნულიც, საკაცობრიოც, ის გრძნობებიც, სამყაროს რომ ატრიალებს დღემდე და ასე განეგრძო გზა: სიყვარულით, აღმაფრენით, ხანდახან ტკივილითა და უიმედობით, ხანდახან ხელის ჩაქნევითაც, რაოდენი ძალა და ენერგია იყო საჭირო და მაინც ქართული სულის გამოვლინებაა მასში და ქართული ხასიათი!
იარაღიც ხომ იყო მტერთან საბრძოლველად: 1795 წლის კრწანისის ომში, დიდი ერეკლე მეორის კარის თეატრმა მაგალითი მისცა ქვეყანას და სრულიად მოისრა მაჩაბელას ხელმძღვანელობით. არცერთ ქვეყანას არ გააჩნია ასეთი ზნეობის სასწაულებრივი მაგალითი ისტორიიდან!
30-იანი წლების რეპრესიებს შეეწირა რუსთაველის თეატრის ნახევარი, სანდრო ახმეტელის მეთაურობით!
სწორედ თეატრია ის ძალა, რაც ერის ცხოვრებისეულ პულსს სწევს მაღლა და მიუთითებს საზოგადოებას ნაკლოვანებების შესახებ, ძალიან კარგად ეხერხება, მოუთხროს, უთხრას ადამიანებს ცუდისა და კარგის შესახებ, კურსორი კი ყოველთვის მომავლისაკენ აქვს მიმართული!
ასეთივე ცხოვრებით მოდიოდა სიღნაღის თეატრიც წლების მანძილზე. სულ მალე, შვეიცარიის დიდ ქალაქებში: ჟენევასა და ციურიხში წარდგება გასტროლით და ვუსურვოთ წარმატებები თეატრს, რომლის არსებობა უკვე საუკუნე-ნახევარს ითვლის“! – წერს ნოდარ პაპუაშვილი.