ნიკოლ ფაშინიანი: საქართველო – სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის ფარგლებში მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენენ
დარწმუნებული ვარ, რომ სხდომის ფარგლებში მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენენ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სხდომაზე მხარეები სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას განიხილავენ, მათ შორის ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
„პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო დამსწრეებო, მოხარული ვარ, ერევანში მივიღო ჩემი კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილი და მისი დელეგაცია, სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭოს 12-ე სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობაზე საუბრობს ის, რომ პრემიერები თავმჯდომარეობენ დღევანდელ სხდომას. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 2019 წლიდან დღემდე უკვე სამი მთავრობათაშორისი სხდომა ჩატარდა, რაც ჩვენს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ხელს შეუწყობს.
ორივე მხარემ შევასრულეთ ჩვენს მიერ დადებული ყველა პირობა. დღევანდელი დღის წესრიგი ძალიან ფართოა და მოიცავს სხვადასხვა სფეროებს, ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ტექნოლოგიები, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და სხვა სფეროები. დარწმუნებული ვარ, რომ სხდომის ფარგლებში მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენენ. ბატონ პრემიერთან განვიხილავთ უსაფრთხოების და რეგიონულ საკითხებს. მსგავს საკითხებში არის ურთიერთგაგება, რაც განპირობებულია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობებით. ნება მიბოძეთ, წარმატება ვუსურვო ყველა შეთანხმების შესრულებას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ურთიერთობებს მაღალ დონეზე ავიყვანთ, გავაღრმავებთ, რისთვისაც საჭიროა ყოველდღიური მზრუნველობა”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.