ზელენსკი: უკრაინისთვის ნატოს ღია კარის შესახებ რიტორიკა არასაკმარისია
უკრაინისთვის ნატოს ღია კარის შესახებ რიტორიკა არასაკმარისია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლვოვში, პოლონელ და ლიეტუველ კოლეგებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა ვილნიუსში ზაფხულში დაგეგმილ ალიანსის სამიტზე უკრაინის ნატოში წევრობასთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელოდება.
„რაც შეეხება ვილნიუსს. დღეისთვის ღია კარების შესახებ რიტორიკის სახით უბრალოდ უკრაინის მხარდაჭერა არასაკმარისია. უფრო ზუსტად, არასაკმარისია ჩვენი სახელმწიფოს მოტივირებისთვის, უფრო კონკრეტულად რომ ვილაპარაკოთ – არ არის საკმარისი ჩვენი ჯარისკაცების მოტივირებისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
სახელმწიფოს მეთაურმა კონკრეტული გადაწყვეტილების მაგალითად ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაასახელა, რაც უკრაინას მოტივაციას აძლევს.
„ჩვენ გვჭირდება წინ გადადგმული ნაბიჯები. გადაწყვეტილება ვილნიუსში იქნება. ჩვენ ძალიან ველით ძლიერ ნაბიჯებს. ჩვენ უფრო მეტს ველით, ვიდრე ღია კარებს. ისეთი რაღაცები, როგორც კანდიდატის სტატუსი, მოტივაციას გვიჩენს. რომ ეს ყველაფერი სიმართლეა, რომ დაპირებებს არ გვაჭმევენ, რომ რეალურად თანასწორებს შორის გვხედავენ. წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე დიალოგის გახსნა მოტივაციას გვიჩენს, ვიბრძოლოთ. ისევე, როგორც ვილნიუსის სამიტზე წინ გადადგმული ნაბიჯები“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.