საბერძნეთის უკანასკნელი მეფე, კონსტანტინე II გარდაიცვალა

საბერძნეთის ყოფილი მეფე კონსტანტინე II 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ Ekathimerini წერს.

ათენის Hygeia-ს კერძო კლინიკაში დაადასტურეს, რომ კონსტანტინე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.

კონსტანტინე 1940 წლის 2 ივნისს ათენში, მეფე გიორგი II-ის უმცროსი ძმის, პრინც პავლესა და ჰანოვერის პრინცესა ფრედერიკას ოჯახში დაიბადა. მისი უფროსი და, სოფია, ესპანეთის ყოფილი მეფის ხუან კარლოს I-ის მეუღლეა.

მისი ბიძა იყო დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბეთ მეორეს მეუღლე – ჰერცოგი ედინბურგელი, პრინცი ფილიპი.

მან წლების უმეტესი ნაწილი ემიგრაციაში, ლონდონის გარეუბანში, ჰემპსტედ გარდენში გაატარა და განსაკუთრებით ახლოს იყო თავის მეორე ბიძაშვილთან, ჩარლზთან, უელსის პრინცთან და ახლა მეფე ჩარლზ III-თან.

კონსტანტინე II ტახტზე 23 წლის ასაკში 1964 წელს ავიდა, და იმ დროისთვის უკვე გაითქვა სახელი, როგორც ოლიმპიური მოცურავე ჩემპიონი, და დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

მომდევნო წელს მან დაკარგა ამ მხარდაჭერის დიდი ნაწილი იმ მაქინაციებში აქტიური მონაწილეობით, რამაც გამოიწვია ხალხის მიერ არჩეული ცენტრისტული კავშირის მთავრობის დამხობა პრემიერმინისტრის, გეორგიოს პაპანდრეუს ხელმძღვანელობით.

ამ ფაქტმა საბერძნეთში დესტაბილიზაცია გამოიწვია და 1967 წელს სამხედრო გადატრიალება მოხდა. კონსტანტინე კონფლიქტში შევიდა სამხედრო მმართველებთან და იძულებული გახდა გადასახლებულიყო. დიქტატურამ მონარქია 1973 წელს გააუქმა.

1994 წელს მაშინდელმა სოციალისტურმა მთავრობამ მას მოქალაქეობა და სამეფო ოჯახის ქონება ჩამოართვა. კონსტანტინემ სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანა და 2002 წელს მოთხოვნილი 500 მილიონი ევროდან მხოლოდ 12 მილიონი მიიღო.

კონსტანტინე დანიის პასპორტით, დანიის პრინცის სახელით მოგზაურობდა.

მას დარჩა მეუღლე, დანიის ყოფილი პრინცესა ანა-მარია, დედოფალ მარგრეტე II-ის უმცროსი და; ხუთი შვილი – ალექსია, პავლოსი, ნიკოლაოსი, თეოდორა და ფილიპოსი; და ცხრა შვილიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები