ბიუჯეტის კუთვნილი თანხის დაუფლების ფაქტზე, პასუხისგებაში 18 პირი მიეცა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში 18 მოქალაქე მისცა. როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, პასუხისგებაში მიცემული პირები არიან საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტის, “მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის” მონაწილეები. “ნაცვლად იმისა, რომ ბრალდებულებს ბენეფიციარებზე გაცემული აგრო ბარათების გამოყენებით, მიეწოდებინათ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელი, გარკვეული თანხის სანაცვლოდ სისტემატიურად იბარებდნენ სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენის დანიშნულების მქონე აგრო-ბარათებს და ახდენდნენ მათზე დარიცხული ქულების ჩამოჭრას, ხოლო შემდგომში ვითომდა გაწეული დანახარჯების სანაცვლოდ, თაღლითურად სახელმწიფოსგან იღებდნენ გადახდილ თანხაზე მეტ შემოსავალს, რითაც ახდენდნენ ზემო აღნიშნული პროგრამით გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას. საგამოძიებო სამსახური აგრძელებს საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე სხვა პირების გამოვლენა-იდენტიფიცირების მიზნით. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის II ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.